რა მოხდება 50 წლის შემდეგ? - ბავშვები მომავალზე
FaceBook

მფრინავი მანქანები, ადამიანის დამხმარე რობოტები, ქოლგა, რომელსაც ადამიანის სასურველ ადგილას გადაყვანა შეუძლია -  ეს ის სიკეთეებია, რომელსაც მომავალი გვიმზადებს.


ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავენ მომავალს პატარები. მათი ხედვით, მომდევნო 50 წელი ახალი ტექნოლოგიური აღმოჩენების ერა იქნება, სადაც ადამიანს დიდი სივრცეების დაპყრობის შესაძლებლობა მიეცემა და ცხოვრებაშიც ბევრი რამ გამარტივდება.

11 წლის ლუკასთვის 2070 წელი სრულიად განსხვავებულ პრინციპზე მომუშავე მანქანების ეპოქა იქნება.


ლუკა და ნიკა დვალიშვილები

„ჩემი აზრით, 2070 წლისთვის მანქანები თავისით დაიწყებენ მოძრაობას, პულტის მეშვეობით. მანქანას ექნება პულტი, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა მოქმედების შესრულება“, - მიაჩნია 11 წლის ლუკას.


ლუკას არც დედა  ავიწყდება და სჯერა, რომ მომავალში მას დამხმარე მოევლინება.

„მგონია, რომ გამომგონებლები დაიწყებენ  მუშაობას, იმაზე რომ შექნან რობოტები, რომლრბიც სახლსაც დაალაგებენ და  სადილსაც მოამზადებენ", - ამბობს ლუკა.


9 წლის ნიკასთვის მანქანებს სხვა ფუნქციაც ემატება. მათ ბრძანების -  „გაფრინდი“ შესრულება შეეძლებათ.


ნიკა დვალიშვილის ნახატი

რობოტები და მანქანები თეიმურაზ მშვიდობაძის მიერ დანახული მომავლის მთავარი პერსონაჟებია.

თეიმურაზ მშვიდობაძე



„ნახატზე  გამოსახულია ადამიანი და მისი მეგობარი რობოტი. ადამიანს ხელში უჭირავს რობოტის დასამუხტად საჭირო მოწყობილობა და ასევე, მის შესაკეთებლად საჭირო ხელსაწყოები. ირგვლივ მომავლის მფრინავი მანქანებია“


4 წლის მია ლილუაშვილი  ჯადოსნურ ქოლგას უწოდებს მოწყობილობას, რომელიც მარტივად გადაიყვანს ადამიანს დანიშნულების ადგილას.

მია ლილუაშვილი


ოთხი წლის დათა ძნელაძისთვის მომავალი „ხვალ“ სიტყვით აღინიშნება. ხვალინდელი მსოფლიო კი მისთვის კორონავირუსისგან თავისუფალი მსოფლიოა.


დათა ძნელაძე

ხვალ გათენდება მომავალი და აღარ იქნება კორონა ვირუსი. დედა აღარ გამისუფთავებს ხელებს ყოველწუთში სადეზინფექციოთი და ამის გამო აღარ დავიტანჯები.

დათას არც სხვების დატანჯვა სურს, ამიტომ აპირებს გახდეს პატრული, რომელიც ხალხს "სიცუდეებისგან" იხსნის.

"მომავალში მე ვიქნები პატრული და დავიცავ ყველას. ყველას რომ დავიცავ, აღარ იქნება სიცუდე და აღარც კორონა ვირუსი…"- ამბობს დათა.

5 წლის სანდრო სიხარულიძის მომავალში რობოტები ადამიანების სამსახურში დგებიან და კოსმოსში მოგზაურობაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

სანდრო სიხარულიძე

"მინდა, რომ რობოტებმა, როცა მთელ ქვეყანას ძინავს, ყველას ჩამოუფრინოს და ვისაც საბანი გადაძვრება, ყველას დააფაროს. კიდევ, ღამით ძირს დაყრილი ნაგავი ნაგვის ურნებში ჩაყაროს და კიდევ მინდა (რობოტებს) რაკეტად გადაქცევა და კოსმოსში გაფრენა შეეძლოს, იმიტომ რომ ჩვენ გაგვაფრენდა და ვნახავდით კოსმოსს", - ამბობს სანდრო.

კოსმოსის გარდა სანდრო მომავალში ვირტუალურ სივრცეში გადასვლას და კომპიუტერული თამაშის გმირად გადაქცევის შესაძლებლობასაც ხედავს.

"როცა ამ (კომპიუტერულ) თამაშებს გადმოვწერ და ვიწყებ თამაშს, ძალიან მინდა იქ ვჩნდებოდე სინამდვილეში, მეც ვიყო მასეთი მებრძოლი და მქონდეს მეც ნამდვილი ხმალი და დავამარცხო მეტოქე", - ამბობს სანდრო.

ნინი ყანჩაველი მომავალს დიზაინის ცვლილებაში ხედავს. მისთვის მომავალი ფერადფანჯრებიანი სახლები და ლამაზად მოწყობილი სტადიონებია.



ნინი ყანჩაველი



ბავშვები ფანტაზიორობენ, თუმცა, დრო ამტკიცებს რომ ყველა ფანტაზია ადრე თუ გვიან ახდება.
Print