ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" ყოფილი დირექტორი, გელა
გაგუა დააკავეს.
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, გაგუას დაკავება ასათიანის ქუჩის
რეაბილიტაციის საქმეზე უკავშირდება.
გასული წლის დასაწყისში ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის
საკითხით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
დაინტერესდა.
ააიპ "სპეციალური სერვისების" მიერ ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული
სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია, თავდაპირველად, ქუთაისის რაიონულ
პორკურატურას ორგანიზაციის ახალმა უფროსმა, ზვიად მანდარიამ
გადაუგზავნა. შედეგად, საქმეზე ძიება ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
როგორც ირკვევა, "სპეციალურმა სერვისებმა", რომელმაც ასათიანის ქუჩაზე
სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი
მიიღო, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი,
რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.
პროექტის მიმდინარეობის დროს კი ააიპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გელა
გაგუა ფინანსურ დოკუმენტებსაც არ აფორმებდა.
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისების"
ყოფილმა დირექტორმა გელა გაგუამ თანამდებობა 2017 წლის ნოემბერში,
საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გელა გაგუა ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელად 2014 წელს
დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები