ახალი ამბები
ვინ მოაწერა ხელი სოცკის გეგმას?
FaceBook
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" აცხადებს, რომ მაღაროელებთან შეთანხმებას მიაღწია.

კომპანიის ინფორმაციით, რეორგანიზაციაში მონაწილეობის მიზნით, 500-მდე თანამშრომლის განაცხადი უკვე აქვთ და მაღაროებში სამუშაო პროცესი მალე აღდგება. პროპაგანდისტული მედიებით გავრცელდა კადრებიც, სადაც ვაკანტურ პოზიციებზე დასაქმების მსურველები განაცხადებს ავსებენ.

კომპანია მაღაროელებთან შეთანხმებაზე საუბრობს, მაშინ, როცა მშრომელები 56-ე დღეა ქუჩაში დგანან და მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვენ. მათთან სალაპარაკოდ არავინ მისულა და არც დედაქალაქში ჩასულებს შეხვდა "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენელი.

პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრი, ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ სინამდვილეში, ხელმომწერთა უმრავლესობა ადმინისტრაციის თანამშრომელია, ნაწილი კი კომპანიაში მუშაობის პარალელურად, ჭიათურის მერიაშია დასაქმებული. მისი თქმით, ხელმომწერთა შორის არ არის სპეციალისტთა ის რაოდენობა, რაც საკმარისი იქნება მაღაროების სრულფასოვნად ამოქმედებისთვის.

"მერიაში დასაქმებულები, 30-35 ადამიანი, პარალელურად ყოფილა "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი. ეს ადამიანები მივიდნენ და მოაწერეს ხელი. გამოდის, რომ მერიიდანაც ყოფილან ჩანერგილი შტატები. ასევე, არის კომპანიის ადმინისტრაცია და მენეჯმენტი, დირექტორები, საკმაოდ ბევრნი არიან და მათაც მოაწერეს ხელი. 90%-ზე მეტი არის მენეჯმენტი და მერიის თანამშრომელი, მაგრამ ვინც მოაწერა ხელი, ის ადამიანები არ არიან სპეციალისტები,  ვინც მაღაროში უნდა იმუშაოს როგორც მუშამ. ამ მოცემულობით, ისინი ვერ დააკომპლექტებენ ჯგუფს ისე, რომ შევიდნენ და სრულფასოვნად იმუშაონ", - ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

მაღაროელების თქმით, კომპანია ახლა ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაითანხმოს ხელის მოწერაზე და ამისთვის იყენებს ყველა საშუალებას; თანამშრომლებს უგზავნიან შეტყობინებებს და ეუბნებიან, რომ მიაკითხავენ სახლშიც.

რაც შეეხება ჭიათურის მერიასა და "ჯორჯიან მანგანეზში" პარალელურად დასაქმებულების შესახებ მაღაროელთა ინფორმაციას, ჭიათურის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ეს სიმართლე არ არის.

ჭიათურაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მშრომელები აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და კომპანიის ცალმხრივ პირობებს არ დასთანხმდებიან. მაღაროელები კვლავ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და გარანტიების მიღებას მოითხოვენ.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
Print