"ჯორჯიან მანგანეზმა" თანამშრომლების
დათხოვნა დაიწყო.
დღეს, დილიდან, კომპანიაში ელოდებიან იმ მაღაროელებს, რომლებიც
სამსახურიდან გათავისუფლებისა და კონკურსში მონაწილეობის შესახებ
დოკუმენტს ხელს მოაწერს. რეორგანიზაციაზე ხელმოწერით თანხმობის
მისაღებად, კომპანიამ მშრომელებს ტექსტური შეტყობინებები გუშინ
გაუგზავნა, თუმცა, მასში არაფერია ნათქვამი საკონკურსო პირობებზე.
დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერითაც მაღაროელები თავიანთი ნებით ამბობენ
უარს სამსახურზე, პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს და
კომპანიაში დასაქმებულებს გააცნეს.
"მონაწილეობა მივიღე კომპანიაში არსებული
რეორგანიზაციის, მათ შორის, მასობრივი დათხოვნის ფარგლებში გამართულ
შეხვედრაში. მომეწოდა ინფორმაცია, კომპანიის მზაობის შესახებ,
რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპანიას
მოეძიებინა ვაკანტური ადგილები [...[ ჩემთვის ცნობილია, რომ იცვლება
სამუშაო საათები და განისაზღვრება 8 საათიანი სამუშაო საათით", -
წერია დოკუმენტში.
მაღაროელებმა ახლა უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს,
რის შემდეგაც კომპანიის თანამშრომლები აღარ იქნებიან და იგივე
კომპანიაში დასაქმებისთვის კონკურსის გავლა მოუწევთ. პროტესტის
საინიციატივო ჯგუფის წევრები მშრომელებს მოუწოდებენ არ მოაწერონ ხელი
დოკუმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სამსახურში აღდგენის შანსს
დაკარგავენ. მით უფრო, იმ პირობებში, როცა კომპანიას დაანონსებული
აქვს მასშტაბური საკადრო და საშტატო ცვლილებები. მაღაროელების
ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად, 3600 დასაქმებულიდან სამსახურს
უმრავლესობა ვერ შეინარჩუნებს.
"დაურეკეს ხალხს სოფლის გამგებლებმა და აქ
დასაქმებული თანამდებობის პირებმა, უთხრეს, რომ ამ ეტაპზე სჭირდებათ
300 ადამიანი, შემდეგ დაიმატებენ 200-ს. არანაირი ვალდებულება არ
გაქვთ შეხვდეთ და პირდაპირ მოაწეროთ ხელი. აქ უნდა იყოს პროფკავშირები
ან ვინმე იურიდიული მხარე, უნდა გამოითხოვოთ თქვენი დოკუმენტები, რა
ხელშეკრულებაზე გაწერინებენ ხელს, თუნდაც, გათავისუფლების ან აღდგენის
შესახებ. ეს ხელმოწერა იქნება ცუდის მომტანი ჩვენთვის. თუ არ მოვაწერთ
ხელს, ჩვენ გვექნება უფლება მოვითხოვოთ გაგვცენ პასუხები იმ
უსამართლობაზე, როგორც გვექცევიან. თუ ჩვენი ხელით მოვუწერთ ხელს,
ვერაფერს ვეღარ გავასაჩივრებთ და ვერაფერს ვერ მივიღებთ", -
განაცხადეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქციაზე.
"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ დაწყებულ რეორგანიზაციას,
რომელიც კომპანიამ "საქნახშირის" დირექტორს, მიხეილ
სოცკის ჩააბარა, გამოეხმაურა "გაერთიანებული
პროფკავშირები" და განაცხადა, რომ მათთვის რეორგანიზაციის დაწყების
შესახებ ოფიციალურად არავის უცნობებია.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა გავრცელებული ინფორმაცია,
რომ კომპანია შპს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" ჭიათურაში წარმოების
განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო. კომპანიამ ასევე დაგზავნა
ინდივიდუალური შეტყობინებები დასაქმებულებთან იმის თაობაზე, რომ
რეორგანიზაცია იწყება მიმდინარე წლის 24 აპრილიდან აღნიშნულის შესახებ
კანონით დადგენილი წესით წინასწარი ინფორმირების გარეშე. ანალოგიურად,
რეორგანიზაციის თაობაზე შეტყობინება კომპანიას პროფესიული
კავშირებისთვის არ გამოუგზავნია. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია
კომპანიის კონკრეტული გეგმების შესახებ. მივმართავთ კომპანიას
იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დასაქმებულთა უფლებების
დარღვევის გარეშე", - ნათქვამია "გაერთიანებული პროფკავშირების"
განცხადებაში.
ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. მშრომელები აცხადებენ,
რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და კომპანიის ცალმხრივ პირობებს არ
დასთანხმდებიან. მაღაროელები კვლავ "ქართული ოცნების" ხელისუფლების
წარმომადგენლებთან შეხვედრას და გარანტიების მიღებას მოითხოვენ.
მაღაროელებმა, ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024
წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა.
მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება.
შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის
მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის
წინ კი
განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ
რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები