ქუთაისში მოსახლეობა ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის
მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას ითხოვს.
შესაბამისი მოთხოვნით პეტიციის ტექსტი მომზადდა, რომელსაც, სოციალურ
ქსელში, გიდი და ტურისტული სააგენტო Travel To Georgia-ის
დამფუძნებელი ლაშა ბერეკაშვილი ავრცელებს.
პეტიციის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ სწრაფი
მატარებლების დანიშვნა გაზრდის ქუთაისის ტურისტულ და ეკონომიკურ
მიმზიდველობას; წაახალისებს შიდა ტურიზმსა და ბიზნესს; შეამცირებს
ქუთაისიდან სხვა ქალაქებში გადინებას; გააადვილებს მოქალაქეების
გადაადგილებას დედაქალაქსა და შავი ზღვის რეგიონში; ქალაქს
აქცევს რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად. ასევე, გააძლიერებს
საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირებს.
პეტიცის ინიციატორები ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის
მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას შემდეგი განრიგით
ითხოვენ:
ქუთაისი → თბილისი
▪️ გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 09:00
▪️ გასვლა საღამოს 20:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 23:00
თბილისი → ქუთაისი
▪️ გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 09:00
▪️ გასვლა საღამოს 20:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 23:00
ქუთაისი → ბათუმი
▪️ გასვლა დილის 08:00 საათზე – ჩასვლა ბათუმში 10:00
▪️ ბათუმიდან დაბრუნება საღამოს 18:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში
20:00
"გთხოვთ, განიხილოთ ეს ინიციატივა და მიიღოთ შესაბამისი
გადაწყვეტილება ქუთაისის განვითარების და ქვეყნის სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების
მიზნით",- აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.
პეტიციის ინიციატორები შესაბამისი მოთხოვნით მიმართავენ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიას, იმერეთის გუბერნიას, ასევე საქართველოს
რკინიგზას და რეგიონალური განვითარების სამინისტროს.
მასალის გამოყენების პირობები