დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა
დაგეგმილი.
მაღაროელები, სხვა ადგილობრივებთან ერთად, მუნიციპალიტეტის შენობასთან
15:00 საათზე შეიკრიბებიან და ქალაქში შექმნილ კრიზისზე ისაუბრებენ.
სამსახურის გარეშე დარჩენილი მშრომელები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას, პრობლემის გადაჭრაში გარანტორად
ჩაერთოს.
მაღაროელების გეგმები, მასშტაბური აქციის
დაანონსებასთან დაკავშირებით, არ შეუცვლია ჭიათურის კრიზისის გამო
შექმნილი სამუშაო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრას და მის შედეგებს.
მოლაპარაკებაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა, მშრომელების
გარეშე გაიმართა, გადაწყდა, რომ "ჯორჯიან
მანგანეზი" მაღაროებში სამუშაოებს განაახლებს. კომპანია, რომელიც ერთი
თვის წინ აცხადებდა, რომ გაკოტრდა, რადგან მანგანუმის მიწისქვეშ
მოპოვება არარენტაბელური იყო, ახლა მზადაა მუშაობა განაახლოს, თუმცა,
კონკრეტული დათქმებით.
"ჯორჯიან მანგანეზი", რომელსაც ბოლო ერთი წელია "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანი" წარმოადგენს, ითხოვს, რომ შუქრუთის მოსახლეობამ შეწყვიტოს
მაღაროების პიკეტირება, საწარმოებში სამუშაო დრო კი 12-დან რვა
საათამდე უნდა შემცირდეს. როდის და რამდენი მაღაროელი დაუბრუნდება
თავის სამუშაო ადგილს, მოჰყვება თუ არა სამუშაო საათების შემცირებას
თანამშრომლების გათავისუფლება, ეს და სხვა დეტალები, ჯერჯერობით
უცნობია. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს
მაღაროელები უნდობლობას უცხადებენ. მშრომელები ამბობენ, რომ კომპანიამ
ისინი ბევრჯერ მოატყუა, ამიტომ პროტესტის მონაწილეთა გარეშე გამართული
მოლაპარაკების შედეგები მათთვის საიმედო ვერ იქნება.
"ამ შეხვედრაზე საუბარიც არ ყოფილა ჩვენი მოთხოვნების
შესახებ — იმ მოთხოვნების, რასაც უკვე 49 დღეა ვაყალიბებთ და ვითხოვთ.
ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ყველა მოთხოვნის შესრულებაზე და
სამუშაო პროცესის აღდგენაზე სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა.
კომპანიამ ბევრჯერ მოგვატყუა და არ ვაპირებთ მათი მხრიდან ტკბილი
დაპირებებით კიდევ ერთხელ მოვიტყუოთ თავი და მივცეთ უფლება მოატყუოს
საზოგადოება", - აცხადებენ მაღაროელები.
ჭიათურაში 49 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები
მიმდინარეობს. მაღაროელებმა, ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც
კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე
უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი
ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან
მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების საბოლოოდ გაჩერებით და კომპანიის
გაკოტრების აღიარების მცდელობით უპასუხა, რაც თავის მხრივ, მას
თავიდან აარიდებდა დასაქმებულებისთვის დავალიანების გასტუმრების
ვალდებულებას. "პროფკავშირების გაერთიანების" მოთხოვნის შემდეგ,
სასამართლოში გაკოტრების აღიარების პროცესი შეჩერდა.
პროტესტის გამწვავების პარალელურად, ჯანდაცვის
სამინისტროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში სამუშაო ჯგუფი
შეიქმნა, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულია
ინვესტორი კომპანია და "პროფკავშირების გაერთიანება", რომელსაც
მაღაროელები უნდობლობას უცხადებენ. მშრომელები თვლიან, რომ მისი
თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი არ წარმოადგენს მათ რეალურ ინტერესებს
და ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს.
49 დღეა მაღაროელები "ქართული ოცნების" ხელისუფლების
წარმომადგენლებთან შეხვედრას და მკაფიო გარანტიებს ითხოვენ.
მშრომელებმა აქციები გამართეს დედაქალაქშიც, თუმცა, მათთან
შესახვედრად არც ერთი თანამდებობის პირი არ მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები