ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები, შესაძლოა განახლდეს
FaceBook
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელიც ერთი თვის წინ თავს გაკოტრებულად აცხადებდა, შესაძლოა მიწისქვეშა სამუშაოები განაახლოს.

მაღაროებში საწარმოო პროცესის აღდგენისთვის მზაობა კომპანიამ დღეს, სამმხრივი კომისიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს გამოთქვა. როდის და რამდენი მაღაროელი დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს, ჯერჯერობით უცნობია. "პროფკავშირების გაერთიანების" თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც მოლაპარაკებებშია ჩართული, ამბობს, რომ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" რამდენიმე დათქმა აქვს; მათ შორის, მთავარი პირობაა სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ პიკეტირებული მაღაროების გათავისუფლება, რათა კომპანიას ამ ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვების შესაძლებლობა მიეცეს. გარდა ამისა, ინვესტორი 12 საათიანი სამუშაო რეჟიმის რვა საათამდე შემცირებას ითხოვს, თუმცა, მოჰყვება თუ არა ამას ანაზღაურების შემცირებაც, ჯერჯერობით, უცნობია. კომპანია მზად არის მაღაროელებს ერთი თვის სახელფასო დავალიანებაც ჩაურიცხოს.

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დასრულებას მაღაროელები დღეს, ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის შენობის გარეთ ელოდებოდნენ. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ მოლაპარაკებებში ჩართვის შესაძლებლობა, კომისიის ფარგლებში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე არ მიეცათ. "მონებო", "მოღალატეებო" - ამ შეძახილებით შეხვდნენ მაღაროელები სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც მერიის შენობა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ დატოვეს.

რას უპასუხებენ მაღაროელები ინვესტორს, ჯერჯერობით უცნობია. 17 აპრილს, მშრომელები ჭიათურაში აქციას გამართავენ, სადაც თავიანთ პოზიციაზე ისაუბრებენ.

ჭიათურაში 49 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროელებმა, ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების საბოლოოდ გაჩერებით და კომპანიის გაკოტრების აღიარების მცდელობით უპასუხა, რაც თავის მხრივ, მას თავიდან აარიდებდა დასაქმებულებისთვის დავალიანების გასტუმრების ვალდებულებას. "პროფკავშირების გაერთიანების" მოთხოვნის შემდეგ, სასამართლოში გაკოტრების აღიარების პროცესი შეჩერდა.

პროტესტის გამწვავების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულია ინვესტორი კომპანია და "პროფკავშირების გაერთიანება", რომელსაც მაღაროელები უნდობლობას უცხადებენ. მშრომელები თვლიან, რომ მისი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი არ წარმოადგენს მათ რეალურ ინტერესებს და ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს.

49 დღეა მაღაროელები "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მკაფიო გარანტიებს ითხოვენ. მშრომელებმა აქციები გამართეს დედაქალაქშიც, თუმცა, მათთან შესახვედრად არც ერთი თანამდებობის პირი არ მივიდა.










Print