ახალი ამბები
2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ განახლებულა - სახელმწიფო აუდიტის სამსახური
FaceBook
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების ნაკლოვანებები - 2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ განახლებულა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონების პოტენციალის სრულად ათვისებასა და არსებული გამოწვევების გადაჭრაზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.


სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სისტემური აუდიტის ანგარიშში, ასევე მითითებულია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებს მთავრობის მიერ არ განესაზღვრათ სამოქმედო გეგმებისა და შემდგომ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების შედგენის ვალდებულება, სადაც ასახული იქნებოდა წლის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები და სხვადასხვა აქტივობები. აქედან გამომდინარე, მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს საქართველოს ტერიტორიაზე ადმინისტრაციების საქმიანობის შედეგები.

ანგარიშში ასახულია, რომ  მთავრობის მიერ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საშტატო ნუსხის შედგენისას, არ არის გათვალისწინებული საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რის გამოც ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული პირების რაოდენობა შტატების მთლიან ოდენობასთან შეფარდებით მაღალია და არ შეესაბამება კარგ მმართველობით პრაქტიკას.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში მითითებულია  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ზედმეტად დარიცხული და ანაზღაურებული ხელფასის შესახებ ინფორმაცია.   სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში, ცალკეულ შემთხვევაში − არასათანადოდ, ხოლო ძირითად შემთხვევებში, საერთოდ არ არის შემუშავებული ფაქტობრივად ნამუშევარი დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის სისტემა. ამასთანავე, შრომის ანაზღაურების არასწორი გაანგარიშების შედეგად აუდიტის პერიოდში გამოვლინდა ზედმეტად დარიცხული შრომის ანაზღაურების შემთხვევები. აღნიშნული გარემოებები, შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, გურიის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში დასაქმებულ მოხელეებზე, დამატებითი ფუნქციების დაკისრებისა და ამის საფუძველზე სახელფასო დანამატების გაცემის დროს, არ იყო გათვალისწინებული კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს დანამატების დასაბუთების გარეშე გაცემის რისკებს. კახეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში სახელფასო დანამატების გაცემისას, არ იყო გათვალისწინებული "საჯარო სამსახურის შესახებ" და "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, მოხელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის სახელფასო დანამატის მიცემის უფლებამოსილება უნდა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების პირობებიდან.

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ფულადი ჯილდოს გაცემის ხარვეზები - გარდა გურიისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, ფულადი ჯილდოების გაცემის დროს არ იყო გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. შედეგად, მოსამსახურეთა წახალისების მიზნით თანხების ანაზღაურება ხდებოდა შესრულებული სამუშაოების სათანადოდ დასაბუთების გარეშე.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში არ არის მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენების წესი და პრინციპები, რაც წარმოშობს როგორც ტრანსპორტის, ისე საწვავის არამიზნობრივად და არაეფექტიანად გამოყენების რისკებს.

დასაბუთების გარეშე გამოყენებული ავტომობილები - აუდიტის პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ფორმალური დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა საწვავის ჩასხმისა და ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების აუცილებლობას, რაც სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენების რისკებს წარმოშობს; ასევე სათანადო დასაბუთების გარეშე თანამშრომლების პირად მფლობელობაში არსებულ ავტომანქანებზე საწვავის ხარჯების გაწევა, წარმოქმნის საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად გამოყენების რისკს.

ავტოსარემონტო ხარჯების ნაკლოვანებები - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ცალკეულ შემთხვევებში არ არის წარმოდგენილი ავტოტექმომსახურების ხარჯის გაწევაზე უფლებამოსილი პირის თანხმობები, ხოლო იმერეთის ადმინისტრაციაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, არ ხდება მიმწოდებლებთან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების ამოქმედება, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, რაც ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას.

წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების დაფინანსება

წარმომადგენლობითი ხარჯების ხარვეზები - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხშირ შემთხვევაში არ არის მითითებული ღონისძიების დასახელება ან ვერ დგინდება იმ ღონისძიებების მიზანი, რომელთა ფარგლებში მოხდა წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევა, ასევე არ არის მითითებული ღონისძიებებზე დამსწრე პირთა ვინაობა და რაოდენობა. ცალკეულ შემთხვევაში არ არის შედგენილი სტუმრებისთვის საჩუქრების გადაცემის აქტები, რაც წარმოშობს ხარჯების დაუსაბუთებლად გაწევის რისკებს.

სამივლინებო ხარჯების ნაკლოვანებები - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში არ არის სისტემატიზებული მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოება, რაც კონტროლის სისტემის ნაკლოვანებას წარმოადგენს.

ამასთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის შეზღუდვა - კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ, არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ავტოტექმომსახურების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციებით განსაზღვრული ცალკეული მოთხოვნების აუცილებლობა. შედეგად, ვერ იქნა დაცული კონკურენციისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. ტენდერში მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა პრაქტიკულად ერთი პრეტენდენტი, რის გამოც ხელშეკრულებები ფორმდებოდა პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესაბამის თანხებზე.

მონეტარული ზღვრების დაუცველად განხორციელებული შესყიდვები - იმერეთის ადმინისტრაციის მიერ 5,000 ლარზე მეტი ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის შეძენა განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არ იქნა გამოყენებული სატენდერო პროცედურები, შედეგად დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და ვერ იქნა მიღებული შესაძლო ეკონომია.
Print