ახალი ამბები
"თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის" - გახარია თეა წულუკიანს
FaceBook
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა.

გახარია კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შეკითხვებს პასუხობს. შეკითხვები 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხება. ყოფილმა პრემიერმა, შესავალ სიტყვაშივე თქვა, რომ "ქართული ოცნება" კომისიას მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის იყენებს.

"თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე და ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, გმირობის გაუფასურების კონტექსტში. მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ძალა საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხაროდ მუშაობს", - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, აქციის დაშლის დროს რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ. გახარიამ თქვა, რომ მას სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუცია. მისი ბრძანებით აქციაზე გამოიყენეს მხოლოდ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, გახარია ამბობს, რომ მან არ იცის ვინ იყო ამ ბრძანების გამცემი.

გახარიამ ასევე თქვა, რომ 20 ივნისის კონტექსტის ფართოდ გასააზრებლად, კომისიამ უნდა გამოიკითხოს ბიძინა ივანიშვილიც.


Print