ახალი ამბები
"გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია"- ქუთაისში, დღეს, აქცია-მსვლელობა გაიმართება
FaceBook

ქუთაისში, დღეს, 14 აპრილს, ქართული ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით, აქცია გაიმართება.



მოქალაქეები, 18:00 საათზე, სიმბოლურად, დედაენის ძეგლთან შეიკრიბებიან და უწყვეტი პროტესტის ჩვეულ ადგილას, ქუთაისის მერიასთან, მსვლელობით მივლენ.

"1978 წლის 14 აპრილს ქართველი ხალხი ქართული ენის დაკარგვის შიშმა გააერთიანა, იმდენად მტკიცედ, რომ საბჭოთა კავშირისნაირმა ბოროტებამაც კი ვერ აიხდინა ქართული ენის განადგურების წადილი. პროტესტის ავანგარდში იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

როგორც დღეს, რეჟიმი აქტიურად ცდილობდა რეგიონებში ჩაეკლა პროტესტის კერები. ამის მიუხედავად, იგი ძლიერდებოდა სხვადასხვა ქალაქში. მაშინაც ფასდაუდებელი იყო რეგიონებში მიმდინარე პროტესტი. ქუთაისის სტუდენტობისა და პროფესორ-მასწავლებლების როლი საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებულია.

1978 წელს რეჟიმზე გამარჯვების წყალობით დღეს ჩვენ ვწერთ, ვსაუბრობთ, ვაზროვნებთ ქართულ ენაზე. ქართულ ენაში ისეთ უძვირფასეს სიტყვებს, როგორებიცაა მშვიდობა, ღირსება, ქართველობა, ეროვნული, იმედი, სამშობლო რეალური მნიშვნელობა უნდა დავუბრუნოთ! ამიტომ, გელოდებით ყველას აქციაზე, ვისთვისაც ქართული ენა ძვირფასია. განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებიც მაშინდელი სტუდენტების მემკვიდრეები ხართ",- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

დღეს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს, თბილისში მასშტაბური დემონსტრაცია ჩატარდა. ქუჩაში 100 000 ადამიანი გამოვიდა, რომლებიც საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შეცვლის მცდელობის აპროტესტებდნენ. ამ მოვლენებიდან 22 წლის შემდეგ, 1990 წლის 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე დაწესდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველი წლის 14 აპრილს, საქართველოს მოქალაქეები დედაენის ძეგლებთან იკრიბებიან და ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დღეს აღნიშნავენ.

Print