"ნუ გადაგვიჭრით ფესვებს", "არა სულორი ჰესს", "არა ჰესის
მშენებლობას" - ამ სლოგანით ვანის სოფელ სულორში საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს.
ადგილობრივები, სოფელ სულორში, 4.8 მგვტ სიმძლავრის
ჰიდროელექტროსადგურის - „სულორი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ.
"რაც არ უნდა მცირე ჰესი იყოს, მდინარის პირზე ვცხოვრობთ და რა თქმა
უნდა საფრთხეს ვგრძნობთ, გვეშინია, შვილიშვილებს ვზრდი აქ. ტრაქტორები
ხომ თხრიან, მთელი გორი ჩამოანგრიეს, ჩამოცვივდა მდინარეში, ამიტომ
გვეშინია, რაც რაჭაში მოხდა იგივე არ განმეორდეს. აქამდე არ ვიცოდით,
თუ აპირებდნენ ჰესის აშენებას, ჩვენთან არავინ მოსულა და არაფერი
უთქვამს. ახლა გავიგეთ რომ შენდება ჰესი და ვეწინააღმდეგებით", -
ამბობს ადგილობრივი ნაირა დვალიშვილი.
სოფელ სულორში მიმდინარე საპროტესტო აქციას, თბილისიდან, სამოქალაქო
აქტივისტები და გარემოს დამცველებიც შეუერთდნენ.
არსებული ინფორმაციით, სულორში ჰესს ვანის საკრებულოს "ოცნების"
დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის, დედის კომპანია აშენებს.
ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სულორში მცხოვრებლებმა და საქართველოს
მოქალაქეებმა
პეტიციაც შეადგინეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰესის
მშენებლობა გამოიწვევს:
ეკოსისტემის დანგრევას და უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაკარგვას;
წყლის რესურსების შემცირებას, მათ შორის სამკურნალო წყაროების
დაშრობას; მოსახლეობის საცხოვრებელი და სოფლის ტრადიციული ცხოვრების
წესის დარღვევას;
მეწყერის, წყალდიდობის და სხვა გეოლოგიური საფრთხეების ზრდას; ასევე,
ტურისტული პოტენციალის განადგურებას და სოფლის პერსპექტივის
დაკარგვას.
გარდა ამისა, პეტიციაში აღნიშნულია, რომ სოფლის მოსახლეობა არ იყო
სათანადოდ ინფორმირებული ჰესის პროექტის დეტალების შესახებ და საჯარო
განხილვები, თუკი ჩატარდა, გამჭვირვალობის და საზოგადოების ჩართულობის
გარეშე მოხდა.
ამიტომ, სოფელ სულორში მცხოვრებლები ითხოვენ:
ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს დაუყოვნებლივ
შეჩერებას; პროექტის სრული ინფორმაციის საჯაროდ გამოტანას;
დამოუკიდებელი ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას; სოფლის მოსახლეობის
აზრის გათვალისწინებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ასევე,
ალტერნატიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგომომარაგების წყაროების
ძიებას.
ისინი მიმართავენ საქართველოს მთავრობას, გარემოს დაცვის სამინისტროს
და საერთაშორისო ეკოლოგიურ ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ სოლორის
სოფლის პრობლემით და გადაარჩინონ ეს უნიკალური ადგილი
განადგურებისგან.
პეტიციისთვის საჭიროა 8917 ხელმოწერა, ამ დროისთვის, კი მას ხელს 1083
ადამიანი აწერს.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, სოფელ სულორში 702
ადამიანი ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები