ჭიათურაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის 35-ე დღეს, ორმა
მაღაროელმა, მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაძემ შიმშილობა დაიწყო.
მაღაროელები ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილზე ჩასვლას და
შეხვედრას თხოვენ.
"35 დღეა ვსაუბრობთ, მშვიდად და პატივისცემით მივმართავდით ყველას და
ვთხოვდით, განსაკუთრებით ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მოესმინა
რეალურად ჭიათურის გაჭირვება, მაგრამ ელემენტარული პატივისცემაც ვერ
მოვიპოვეთ. ძალიან დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს. მინიმუმ 3500
ადამიანი საუბრობს, რომ დარჩა სამსახურის და შემოსავლის გარეშე.
ოჯახში პურის ფული არ აქვთ და ბავშვები მშიერი ჰყავთ, მაგრამ
მოუხედავად ამისა, ისიც ვერ მოხერხდა, რომ თავი შეიწუხონ და ერთი
წარმომადგენელი მაინც გამოაგზავნონ. ამ ყველაფრის ფონზე, დაუსხდნენ
პეტრიაშვილის პროფკავშირს მოლაპარაკების მაგიდაზე და მათი ხელით
აგვარებენ თითქოს ამ პრობლემას. ჩვენ ამის ძალიან დიდი გამოცდილება
გვაქვს და პირველი მიზეზი ის იყო რატომაც დავიწყე შიმშილობა", -
განაცხადა მერაბ სარალიძემ.
1 აპრილს მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ და
ჭიათურის მერიის შენობასთან ორი კარავი გაშალეს. მშრომელები ახლა
ცდილობენ, მაღაროების გაჩერების შემდეგ, სოციალურ კრიზისში მყოფ
ადგილობრივებს დაეხმარონ. პარალელურად, "ჯორჯიან მანგანეზს" ხელი
შეუშალონ ქალაქიდან წიაღისეულის გატანაში. მაღაროელები იმედოვნებენ,
რომ მას შემდეგ, რაც კომპანიას მანგანუმის მარაგი ამოეწურება,
იძულებული გახდება მშრომელებთან მოლაპარაკება დაიწყოს.
ჭიათურაში პროტესტი 28 თებერვლიდან მიმდინარეობს.
მაღაროელები სამი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას, მადნის
მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის
ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემას
ითხოვენ.
ჭიათურაში ხუთი თვეა მაღაროები
დახურულია. მიმდინარე წლის 7 მარტს კი "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ",
რომელმაც ბოლო ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მაღაროების მართვა
გადაიბარა, განაცხადა, რომ საწარმოებში სამუშაოები აღარ
განახლდება, რადგან წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია.
კომპანიამ მაღაროების არარენტაბელურობა რამდენიმე მიზეზით ახსნა. მათ
შორის, დაასახელა ფეროშენადნობთა ბაზარზე არსებული რთული ვითარება,
თუმცა, მთავარ დამნაშავედ ჭიათურელები გამოაცხადა.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პროცესი
კრიზისისკენ წლების განმავლობაში, კომპანიაში დასაქმებულთა
მრავალჯერადი გაფიცვის პარალელურად მიდიოდა, ბოლო ერთი წლის
განმავლობაში კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ შვიდი მაღაროს
პიკეტირების გამო, სამუშაოები პრაქტიკულად გაჩერებული იყო, რადგან
კომპანია მანგანუმის 70%-ს სწორედ ამ ტერიტორიაზე მოიპოვებდა. ამ
განცხადების შემდეგ, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" სასამართლოს
მიმართა და კომპანიის გაკოტრების აღიარება მოითხოვა, რაც მას თავიდან
აარიდებდა დასაქმებულებისთვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას.
"პროფკავშირების გაერთიანების" მოთხოვნის შემდეგ, პროცესი
დროებით შეჩერებულია. ახლა, ჭიათურის კრიზისზე
ჭიათურელების გარეშე მსჯელობს ჯანდაცვის სამინისტროს სამმხრივი
კომისიის ჯგუფი.
მასალის გამოყენების პირობები