ახალი ამბები
მაღაროების დახურვის გადაწყვეტილების გადახედვა, ჭიათურაში ჩასვლა ვითარების შესასწავლად - რაზე იმსჯელეს კომისიის შეხვედრაზე
FaceBook
ჭიათურის მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით მოლაპარაკებები გაგრძელდება.
აღნიშნულის შესახებ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის წინაპირობა უნდა იყოს დარგის მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის შექმნა, რომელიც  გერმანული საკონსულტაციო კომპანიის DMT დასკვნას (რომელზე დაყრდნობითაც ამყარებს კომპანია საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტაციას) განიხილავს და ოპტიმალურ წინადადებებს მოამზადებს.

შეხვედრაზე გადაწყდა ისიც, რომ მოკლე პერიოდში, დაიგეგმება ჯგუფის წევრების მიერ, ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, ჭიათურაში გამგზავრება, რათა გამოინახოს ისეთი ალტერნატივები, რომელიც მაქსიმალურად, დაიცავს დასაქმებულებს მოსალოდნელი ზიანისგან.

სამინისტროს ცნობით, სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, იმ კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის გამონახვაა, რომელიც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ, ჭიათურის მაღაროებში სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით შეიქმნა. 

"ჯგუფის მთავარ ამოცანას წარმოადგენს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სოციალური უფლების რეალიზებასა და მის შემდგომ გაგრძელებაზე მუშაობაში პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერა. სამუშაო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მედიაციასა და კრიზისიდან გამოსავლის სხვადასხვა გზის მოძიებას, რათა ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაქსიმალურად, უმტკივნეულო იყოს თითოეული დასაქმებულისთვის.

მიმდინარე 60%-იან სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანებამ, მოამზადა შეთავაზება, რომლის თანახმადაც, დასაქმებულთათვის, უნდა მოხდეს იანვრის 60%-იანი ხელფასის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, რაც გაიცემა პროფკავშირების მიერ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებასთან თანამშრომლობით. ინიციატივა, ჯგუფის წევრებმა, დადებითად შეაფასეს და მისი აღსრულებაზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ",- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ჭიათურელი მაღაროელები ერთი თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მაღაროში დასაქმებულების პროტესტი 28 თებერვალს დაიწყო. მშრომელები, რომლებიც "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" გადაწყვეტილებით, სამსახურის გარეშე დარჩნენ, გაუცემელი ხელფასის დარიცხვას და საწარმოების (რომლებსაც 2006 წლიდან "ჯორჯიან მანგანეზი" ფლობს), სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ. 24 მარტიდან, მათმა პროტესტმა დედაქალაქში გადაინაცვლა.










Print