ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ საერთო საჩივრის განხილვა დაიწყო
FaceBook
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ, ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი საჩივრის განხილვა დაიწყო.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, სასამართლომ, შესაძლოა საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა საჩივარი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

"სტრასბურგის სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა. საჩივარი შეეხება ისეთი მუხლების დარღვევას, როგორიც არის გაერთიანების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი, ასევე სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება და უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები. სასამართლომ, შესაძლოა საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს. ამასთან დაკავშირებით არის საუბარი კორესპონდენციაში, რომელიც მივიღეთ. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნის შემდგომ, "ქართული ოცნების" მიერ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებზე ზეწოლა კიდევ უფრო იზრდებოდა.

"საჩივრის გაგზავნის შემდგომ, გაგრძელდა იმ სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა კანონის მიღების დროსაც, ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ე.წ. "ფარას" ხელახალი ინიცირება. ყველასთვის ცნობილია, რომ სინამდვილეში, აშშ-ში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ არ არის მიმართული., ხოლო "ქართული ოცნების" მიერ ამ საკითხის ხელახალი ინიცირება არის რუსული კანონის შენიღბვა. იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება ამ საკითხის განხილვა და ეს პოზიტიურ როლს შეასრულებს პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, სხვა ფიზიკურ პირებთან ერთად, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული "რუსული კანონის" წინააღმდეგ საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოში 2024 წლის 17 ოქტომბერს გააგზავნეს.
Print