პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ.
აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია, შემცირება
მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს.
ამის შესახებ წერს ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მათ მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ მცირდება უცხოური ვალუტის
შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები), რაც აისახა ბოლო
დროს ლარის გაცვლითი კურსის გაზრდილ მერყეობაზე და ქმნის გაუფასურების
მოლოდინს. ასევე პრობლემებია ტურიზმის სექტორშიც.
„მოსალოდნელია ერთობლივი მოთხოვნის შემცირება. ქვეყანაში შექმნილი
მდგომარეობიდან გამომდინარე, მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, მივიღოთ
გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავალი, რაც მოსახლეობის
ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს. პირდაპირი
უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ. აშშ
დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია, შემცირება
მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს. ასევე, მცირდება უცხოური ვალუტის
შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები), რაც აისახა ბოლო
დროს ლარის გაცვლითი კურსის გაზრდილ მერყეობაზე და შექმნა
გაუფასურების მოლოდინი. პრობლემებია ტურიზმის სექტორშიც; მეორე მხრივ,
შემცირებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია
მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება, რაც შეასუსტებს ერთობლივ
მოთხოვნას. შესაბამისად, ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის
შენარჩუნება ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან საგარეო და შიდა
გამოწვევების ფონზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოტენციალი არ
არსებობს", – აღნიშნავენ ორგანიზაცია "საზოგადოებასა და
ბანკებში".
"საზოგადოებამ და ბანკებმა" ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული
სესხებიც მიმოიხილა. 2025 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით ცვლად
საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 189 820 სესხია გაცემული.
"ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 15.4 მლრდ ლარის მოცულობის
სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 4.5 მლრდ. ლარს
შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 2.7 მლრდ. ლარი არის გაცემული.
მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული
(5.1 მლრდ ლარი), ხოლო მსხვილ ბიზნესზე – 3.0 მლრდ. ლარი. ლარში
გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის
საშუალო მოცულობა – 54,895 ლარს, სამომხმარებლო სესხის – 36,553 ლარს,
მცირე და საშუალო ბიზნესზე – 166,091-ს და მსხვილ ბიზნესზე გაცემული
სესხის მოცულობა 967,133 ლარს შეადგენს."
2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდებოდა და 2024
წლის ოქტომბრის თვეში 0.3% შეადგინა. თუმცა შემდეგ თვეებში გაიზარდა
და 2025 წლის თებერვალში 2.4% შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი
ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო
2023 წლის მაისიდან. ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება და
გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები წნეხს ჰქმნის ინფლაციის ზრდაზე
მომდევნო თვეებში, წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები