ქუთაისელ სამოქალაქო აქტივისტს, მიშიკო მუმლაძეს, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
პოლიცია მას 8 მარტს, თბილისში გამართულ პროევროპულ აქციაზე, გზის
გადაკეტვას ედავება. აქტივისტის თქმით კი, მარშს როცა შეუერთდა,
გზა უკვე გადაკეტილი იყო.
"5000-ლარიანი ქვითარი გამოგეწერათო, დამირეკეს. 21:54 საათზე მივედი,
გადავიღე სთორი, გზა დაკეტილი იყო უკვე, რამდენიმე მარში მოსული და მე
გზის დაკეტვასთან რა შუაში ვარ?
ვინც კიდე ამათ უსამართლობას ვერ ხედავთ მეცოდებით, თქვენს მომავალ
თაობას ასეთი ჩამპალი წინაპრები რომ ეყოლებით",- წერს მიშიკო მუმლაძე
სოციალურ ქსელში.
აქტივისტი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და სასამართლოში
გაასაჩივრებს.
105-ე დღეა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება, ახალი
საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებული
დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით.
მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის ფონზე, პოლიცია ათობით ადამიანს უწერს
სამართალდარღვევათა ოქმს, „ქართული ოცნება“ კი რეგულაციებს
ამკაცრებს.
ამ პერიოდის განმავლობაში, გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით,
საპროტესტო აქციებში მონაწილე არაერთი ადამიანი დააჯარიმეს.
მასალის გამოყენების პირობები