ახალი ამბები
იმერეთსა და სხვა რეგიონებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი დააკავეს
FaceBook
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 23 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულებიდან 14 ნარკორეალიზატორია. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, მოლდოვას, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 262-ე, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print