ახალი ამბები
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 30%-ით შემცირდა
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება წარმოადგენს.


საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 2019-2024 წლებში.


რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 483.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 60.1%-ით ნაკლებია, ხოლო რეინვესტიციამ 1 170.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 26.4%-ით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, 58.2% შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 33.6%-ით, მეორეზე - მალტა 13.2%-ით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 11.4%-ით. 




რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, 2024 წელს 63.9% შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 170.2 მილიონი აშშ დოლარით (12.8%), ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი 155.3 მილიონი აშშ დოლარით (11.6%).




Print