ახალი ამბები
"ქუთაისი არ ნებდება! ბრძოლა ბოლომდე!"- 15 მარტს, მერიასთან, მსვლელობა და საჯარო ლექცია გაიმართება
FaceBook
"ქუთაისი არ ნებდება – ბრძოლა ბოლომდე!" "სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს!“- ამ სლოგანით, 15 მარტს, ქუთაისში, მსვლელობა გაიმართება.

პროევროპული აქციის მონაწილეები 18:00 საათზე, ქალაქის მერიის წინ შეიკრიბებიან და პროტესტისას უკანონოდ დაკავებულების სოლიდარობისთვის მსვლელეობას გამართავენ.

"ჩვენ არ ვნებდებით! ბრძოლა არ დასრულდება, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრები",- განმარტავენ ისინი.

მსვლელობის შემდეგ, 20:00 საათზე, ქუთაისის მერის წინ, საჯარო ლექცია-დისკუსია "რატომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს?!" გაიმართება. 

"ვისაუბრებთ, როგორ გაყალბდა არჩევნები მტკიცებულებებზე, გაყალბების მექანიზმებზე და ახალი არჩევნების მიღწევის გზებზე! ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს ხმას და ჩვენს ქვეყანას",- განმარტავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ქუთაისსა და სხვა ქალაქებში 3 თვეზე მეტია, უწყვეტი პროტესტია.

საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.


Print