ახალი ამბები
ზეთი, ყავა და ბოსტნეული თებერვალში ყველაზე მეტადაა გაძვირებული - საქსტატის მონაცემები
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ იქონია. 

ჯგუფში ფასები 3.7%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.25 პროცენტული პუნქტით აისახა.

კერძოდ, ფასები 15.4%-ით მომატებულია ზეთსა და ცხიმზე; ყავა, ჩაი და კაკაო 11.1%-ით გაძვირდა, ბოსტნეული და ბაღჩეული – 9.7%-ით.

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 5.4 პროცენტითაა გაძვირებული.

2.6%-ით მოიმატა ფასებმა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. თევზეული 1.2%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული კი 1.2 პროცენტითაა გაძვირებული.

0.9%-ით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, პური და პურპროდუქტები 0.8%-ით გაძვირდა, ხოლო ხილი და ყურძენი – 0.1%-ით.

ამასთან, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 5.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა.

საქსტატის ინფორმაციით, ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების (7.6%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (7%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (3.5%) ქვეჯგუფებზე;

სხვადასხვა საქონელისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6%-ით, რაც 0.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (26.3%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (5.4%), პირადი ჰიგიენა (4.3%);

ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.3%);

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, კავშირგაბმულობის ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.45 პროცენტული პუნქტით აისახა.










Print