"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისში
იმყოფება, სადაც იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით
ინფორმაციას გაეცნო.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმერეთის
მხარეში 5 მუნიციპალიტეტი რჩება, სადაც შედარებით რთული
ვითარებაა.
"რამდენიმე ჩაკეტილი სოფელი არის, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია. რა
თქმა უნდა, ზოგადად, სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც
შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად, სხვადასხვა ფორმით
ცდილობენ სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო
სამსახური.
ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა აქაც სწრაფი ტემპით
მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრგან
არის აღდგენილი, ბევრი აბონენტისთვის არის აღდგენილი ელექტროენერგიის
მიწოდება. ნუ, რთული მდგომარეობა არის ჯერ კიდევ ბევრ
ადგილმდებარეობაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და
ყოველსაათობრივად რეალურად ვითარება უმჯობესდება",- განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
მისივე თქმით, შტაბი სრულად იქნება მობილიზებული შემდეგი დღეების
განმავლობაშიც და 2-3 დღეში პრობლემის დარეგულირება გახდება
შესაძლებელი.
ქუთაისში, "ქართული ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმყოფებოდნენ.
მათ საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
იმერეთში, ბოლო მონაცემებით, 103 სოფელი ჩაკეტილია, 20 000-მდე
აბონენტს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. შექმნილია მოხალისეების
ჯგუფიც, რომლებიც დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს
ეხმარებიან.
მასალის გამოყენების პირობები