ახალი ამბები
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
FaceBook
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

პარლამენტს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები „ფარას“ ფარგლებში წარედგინა.

კერძოდ, სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი მუხლი დაემატება, რომლის მიხედვითაც, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე მიღებული, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მასში ასახული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრებას ითვალისწინებდა.


"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე. პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.

ამის პარალელურად "ოცნება" გეგმავს კიდევ უფრო გაამკაცროს კანონმდებლობა საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ასე მაგალითად:

- ყველა კანონიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის;

- აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა;
შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან;

- დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები - „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“.


ამავე თემაზე:





Print