25 თებერვალს, პროევროპული აქციის მონაწილეები, ქუთაისში, მარშს
გამართავენ.
ისინი, სიმბოლურად, ნაზარი ლეჟავას სახლ-მუზეუმთან (26 მაისის #5)
შეიკრიბებიან - იმ მიტროპოლიტის სახლთან, რომელიც ბოლშევიკური
რეპრესიების დროს დახვრიტეს და კოლონადებისკენ დაიძრებიან, სადაც
ყოფილი სობოროს ტაძარი იყო.
მოქალაქეები ამბობენ, რომ 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში
ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს (1921 წელს),
თბილისის აღებით, რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული განვითარება
შეწყვიტა.
"1921 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა
წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ცხადია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა
დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, ხოლო 1924 წლისა და 1937 წლის
რეპრესიებმა ათწლეულობით დაასამარა დამოუკიდებლობის იდეა.
25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს,
თუ ისტორია განმეორდება. დღეს, ქართველები ზუსტად იმავე
ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, სადაც ან გავიმარჯვებთ, ან
დავკარგავთ ყველაზე ფასეულს - სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და
თავისუფლებას. უკვე მესამე თვეა უწყვეტად ვდგავართ ქუჩაში და ვიცავთ
საკუთარ მომავალს და განსხვავებით წარსულისგან, ამ ბრძოლაში ვართ
ბევრად ძლიერები",- ამბობენ მოქალაქეები.
25 თებერვალს, 16:00 საათზე, მთელი საქართველო გაიფიცება. როგორც
გაფიცვის მონაწილეეები ამბობენ, გაიფიცება დასაქმებული თუ
დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ასაზრდოებენ საქართველოს
ეკონომიკას.
საქართველოში საპროტესტო აქციების 89-ე დღეა. უწყვეტი პროტესტი
ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ
ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ
დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის
საკითხს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები