ახალი ამბები
საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ყოველი მე-5 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა
FaceBook
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 690 496-ს შეადგენს, აქედან 460 603 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 229 893 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 6.6%-ით გაიზარდა და 690 ათასს გადააჭარბა, იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.272 მლნ-ზე მეტია.

ამავე უწყების მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა, აქედან 207 542 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, 439 993 კი მხოლოდ შემწეობას იღებდა.

ამასთან, 1 272 572-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის დეკემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 213 539-ს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. 
ამ მონაცემების მიხედვით დღეისათვის საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ყოველი მე-5 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და სახელმწიფოს შემწეობას იღებს.
Print