ახალი ამბები
"ჩვენ შენსკენ ვართ, შენ ვისკენ ხარ" - პერფორმანსი ქუთაისის მერიასთან
FaceBook
ქუთაისის მერიასთან პროევროპული აქციის მონაწილეებმა საინფორმაციო აქცია/ პერფორმანსი მოაწყვეს.
"ჩვენ შენსკენ ვართ"; შენ ვისკენ ხარ"; "გათავისუფლება აღდგენის გარეშე";  "უმუშევარი ევროინტეგრაციის  გარეშე", -  ამ წარწერებით საინფორმაციო დერეფანი მოაწყვეს მერიის შენობის წინ. 

"დღეს ჩვენ მოვედით მერიასთან, რათა ჩვენს თანაქალაქელებს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ელოდებათ "საჯარო მოხელის შესახებ" ახალი რედაქციის მიხედვით და სანცირებული ოლიგარქიული რეჟიმის ქვეშ", - ამბობს პერფორმანსის ერთ-ერთი მონაწილე ზაალ კუხიანიძე.  

აქციის მონაწილეების თქმით, ახლა ის დროა, რომ ყველა დააფიქსიროს თავისი აზრი.

"მარტო დუმილი და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ასე არ გამოვა. ახლა დროა ყველამ  გადაწყვიტოს ვის მხარესააა. ამ შენობაში (მერიაში) მომუშავე ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ემსახურებიან ხალხს და  ეს არის მათი პირველადი მოვალოება. ამისთვის ვუხდით ჩვენ ხელფასს", -  განმარტეს აქციის მონაწილეებმა.



"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ ევროინტეგრაციისთვის მოლაპარაკების  პროცესს 4 წლით აჩერებს.  ცვლილებები შეიტანეს "საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც".

ცვლილებების მიხედვით, დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, იქნებიან არა პროფესიული საჯარო მოხელეები, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; მათი ხელშეკრულების ვადა არ იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაზე ხანგრძლივი; თანამდებობაზე მათ დასანიშნად არ იქნება სავალდებულო კონკურსის ჩატარება, აღარ მოეთხოვებათ იცოდნენ სახელმწიფო ენა, იყვნენ 18 წელს მიღწეული და ჰქონდეთ მოხელის სერტიფიკატი.

ასევე, მარტივდება რეორგანიზაციის პროცესი აქამდე მოქმედი რედაქციით, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების შემთხვევაში, მოხელეს შეეძლო გადასულიყო იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე. რეორგანიზაციისას, შტატების შემცირების გამო, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იყო მხოლოდ ასეთი მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. ახლა კი აღნიშნული გარანტია მოხელეებზე აღარ გავრცელდება და შესაძლებელი იქნება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება, იმის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა მობილობა. გარდა ამისა, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენა ვერ მოხდება სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი. თუ გათავისუფლებულმა პირმა სასამართლო მოიგო, მას მიეცემა განაცდური და 3 თვის კომპენსაცია.


Print