ახალი ამბები
ვანში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა
FaceBook
ვანში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა, რომლით სარგებლობასაც მოსახლეობა 2026 წლიდან შეძლებს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყობა.
KFW-სა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის, 80 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქ ვანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, აშენდება ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ სანიაღვრე სისტემებსაც.

კერძოდ, დაგეგმილია 42კმ წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ორი ჭაბურღილის მშენებლობა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, აშენდება სატუმბი სადგური და მოეწყობა SCADA-ს სისტემა.

წყალარინების პროექტის ფარგლებში კი დაგეგმილია 47კმ ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე, ერთი დიდი და 15 პატარა სატუმბი სადგურისა და სანიაღვრე არხის მოწყობა.

წყალმომარაგების სამუშობის შედეგად, ქალაქ ვანის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებელები წყალარინების ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2026 წლიდან ისარგებლებენ.

გარდა ამისა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, წყალმომარაგების კომპანია ვანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს.

როგორც ვანის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, ამ დროისთვის, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება.

იმერეთის რეგიონში და მათ შორის მთელს საქართველოში, წლების განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ათობით სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. რომ არა დონორების ფინანსური მხარდაჭერა, შესაძლოა, მათი დიდი ნაწილი არც ყოფილიყო. 
Print