ახალი ამბები
რუსული კანონი საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულების ჯარიმებისთვის აქცია-მარათონზე, 250 ათასი ლარი მოგროვდა
FaceBook
3 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში ჩატარებულ საქველმოქმედო აქცია-კონცერტზე 250 000 ლარი შეგროვდა.
მოქალაქეების მიერ შეგროვებული ეს თანხა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებისას უკანონოდ დაჭერილი და დაჯარიმებული ადამიანების მხარდაჭერას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ 250 ათასი ლარი 01:00 საათის მონაცემებია და ანგარიშზე ჯერჯერობით ასახული არ არის უცხოეთიდან განხორციელებული გადმორიცხვები.

„რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“- ამ სახელწოდებით, გუშინ, 3 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა.

აქცია-კონცერტი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათიდან დაიწყო და მასში მონაწილეობას 30-მდე ქართველი მუსიკოსი იღებდა.

ქუთაისში კი კონცერტი ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობდა, სადაც ის ადამიანები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს და უარს ეუბნებიან რუსულ რეჟიმს.

ორგანიზატორების განმარტებით, აღნიშნული აქცია-კონცერტით, ერთი მხრივ, შეაჯამეს ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი, მეორე მხრივ კი, ქართველმა მუსიკოსებმა, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია მათივე საბრძოლო იარაღით - მუსიკით.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თითქმის 2 თვეა, იმართება. გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, მოსამართლეები, პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, ანტირუსული აქციების მონაწილეებს დღემდე კოლოსალური რაოდენობის თანხებით აჯარიმებენ.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალაში დღეს, 3 ივნისს, შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

Print