ახალი ამბები
"გვირილობის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ქუთაისში მოძრაობა შეზღუდულია
FaceBook
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
კერძოდ, შეზღუდვები მოქმედებს აღმაშენებლის ქუჩის N5-დან 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიამდე, 3 მაისის 03:00 საათამდე (გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლი), სადაც სასცენო კონსტრუქციაა დამონტაჟებული და სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს.



სხვადასხვა გამოფენისთვის ადგილზე დახლები უკვე ეწყობა, რომლებზეც მერიას გამოფენილი აქვს ბანერი, წარწერით: "ევროკავშირი საქართველოსთვის", სინამდვილეში, კი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები იწონებენ რუსულ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპისკენ სწრაფვას.

ამასთან, 18:00 საათამდე, საბავშვო გასართობი ატრაქციონების განთავსებისთვის, მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება სადგურის ქუჩა N15-იდან სპორტულ მოედნამდე; ხოლო 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ვინტაჟური ავტომობილების გამოფენის მოწყობისთვის, პარკირება ნაწილობრივ შეიზღუდება დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ.

ქვეყანაში და ქალაქში მიმდინარე პროტესტის ფონზე, მერია "გვირილობას" გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს. დღის ბოლოს დაგეგმილია გალა-კონცერტიც.

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.

Print