"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა
სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში
გაემგზავრნენ.
აქცია თბილისში 18 საათიდან 20 საათამდეა ჩანიშნული, თუმცა ქუთაისიდან
შვიდი-რვა საათით ადრე გავიდა ავტობუსების და მიკროავტობუსების
კოლონა.
მთავრობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ
ემხრობიან გამჭვირვალობის აუცილებლობას, რასაც მათი თქმით "რუსული
კანონი" დაარეგულირებს.
"ფული რომელიც შემოდის ხომ უნდა ვიცოდეთ სად მიდის და რას ხმარდება.
მე თუ ვავსებ დეკლარაციებს ამ ფულის მიმღებებმაც უნდა შეავსონ",-
აცხადებს ერთ-ერთი მონაწილე.
მთავრობის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეთა შორის იყვნენ
ისეთებიც, რომელთათვისაც თბილისში გამგზავრება მშვენიერი "ექსკურსია"
იყო, ნაწილი კი "საქეიფოდ" მიდიოდა.
თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თავს არიდებდნენ საუბარს, აგრესიას
გამოხატავდნენ ჟურნალისტების დანახვაზე. ერთმა კამერის დამტვრევაც
სცადა.
"ქართულმა ოცნებამ", 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის
წინ, რუსულ კანონთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება
დაანონსა. ცნობილია ისიც, რომ აქციას დაესწრება თავად ბიძინა
ივანიშვილიც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა,
რომ "მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც,
საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე",
რისთვისაც ხელისუფლება მუქარითა თუ მოსყიდვით ყველა რესურს
იყენებს.
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, აქციაზე წასვლის ღირებულება 50 ლარიდან
100 ლარმდეა, ხოლო მიკროვატობუსებისა და ავტომუსების მძღოლებს 500
ლარიდან 600 ლარს უხდიან.
"ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს
მიიღი. მას 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის"
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია. ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები