ახალი ამბები
2023 წლის II კვარტალში, საქართველოში, ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 57.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.4% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 58.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 58.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 44.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების 73.5% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 22.6% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9% როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო.

2023 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8 ათასი, თურქეთიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.4%-იანი წილით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (51.5%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ამასთან, ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში იყო (709.3 ათასი და 661.8 ათასი ვიზიტი).

2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.8 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 22.3%-ით ნაკლებია. ამასთან, განხორციელებული ვიზიტების 73.9 % განმეორებითი ხასიათის ვიზიტს წარმოადგენდა.

რაც შეეხება 2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს, ის 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 49.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 6.%-ით შემცირდა და 2 292.0 ლარი შეადგინა.



Print