ახალი ამბები
გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი
FaceBook
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა, რომ საქართველო შეურთდეს ევროკავშირს, პასუხები ასეთია: სრულად ვუჭერ მხარს – 75%; ნაწილობრივ ვუჭერ -14%; ნაწილობრივ არ ვუჭერ – 3%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 5%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 3%.

ამასთან, ორგანიზაციის კითხვაზე: თუ მხარს უჭერთ ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორ ფიქრობთ, რა არის გაწევრიანებიდან ყველაზე დიდი სარგებელი“, პასუხები შემდეგია: ეკონომიკის გაძლიერება – 45%; უსაფრთხოება – 6%; ქვეყნის განვითარება – 5%; განათლება – 5%; უკეთესი მომავალი – 4%; ვიზალიბერალიზაცია – 4%; სტაბილურობა/მშვიდობა – 3%; სამუშაო ადგილების შექმნა – 3%; თავდაცვა – 2%.

ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, პასუხები ასე გადანაწილდა: პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში – 34%; საქართველოს არ შეუსრულებია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები – 17%; საგარეო მოსაზრებები საქართველოში – 13%; ევროკავშირის ქვეყნების პოზიციონირება – 11%.

IRI-ს გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი. პრო-დასავლური, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით – აღნიშნულს მხარს 32% უჭერს; პრო-რუსული, მაგრამ ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით – 7%; მხოლოდ პრო-რუსული – 2%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 9%.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


Print