ახალი ამბები
დღეიდან პედაგოგთა გამოცდები დაიწყო
11:18 / 22.07.2020
პედაგოგთა საგამოცდო პროცესი დღეს
დაიწყო.
ქუთაისში პედაგოგთა გამოცდებისთვის სამი
ცენტრია გამოყოფილი ( N1 , N23 , N41 საჯარო სკოლები) .
სამ საგამოცდო ცენტრში სულ
860 პედაგოგობის მსურველი დარეგისტრირდა, აქედან გამოცდაზე
781 გავიდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის
მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, წელს მასწავლებელთა უპრეცენდენტო
რაოდენობაა დარეგისტრირებული გამოცდებზე.
''რაოდენობა კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ბევრ ადამიანს აქვს
სისტემაში შესვლის სურვილი, განათლების სამინისტრო ხელს უწყობს ამ
ადამიანების პროფესიულ განვითარებას''.
მასწავლებლობის მსურველები პირველ გამოცდას ქართულ ენაში,
მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში აბარებენ. მათთვის საგამოცდო
ცენტრები ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ახალციხეში, თბილისსა
და რუსთავშია გახსნილი, ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში
ტარდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა
დაშვება ხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.
ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი
ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია,
ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1
მეტრი.
მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი
დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან
დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა
საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების
შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.
მასწავლებლის სტატუსის მოპოვების
მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით
დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლები და სისტემაში შემოსვლის
მსურველები გამოცდას 2020 წლის ზაფხულში აბარებენ, რომელიც 22
ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები