ახალი ამბები
„გადავადებული" ქუთაისი
FaceBook

ქუთაისის მერია მომავალ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით,  შვიდი მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობას დებს, თუმცა, ჯერ გასული წლების დაპირებებიც არ შეუსრულებია.

მსხვილი პროექტების დაანონსება და წლიდან წლამდე გადავადება ადგილობრივ თვითმმართველობას ტრადიციად ექცა.

დაპირების მიხედვით,  ახლა უკვე დასრულებული უნდა იყოს ქალაქის ერთ–ერთი სტრატეგიული ადგილის, ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, რომელიც მერიამ ორი წლის წინ, გაპონოვის ქუჩაზე ფასადების აღდგენასთან ერთად დააანონსა.


ასსაფეხურიანი კიბე ბალახვანში

კიბეების ტურისტულ ატრაქციად გადაქცევის დაპირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2020 წლისთვის გადაიტანა, გაპონოვის ქუჩის ბედი კი გაურკვეველია. მერიას ქალაქის ისტორიულ უბანში სახლების ფასადების რეაბლიტაციისთვის საჭირო  თანხაც კი არ აქვს დათვლილი.

გადავადებული პროექტების სიაშია წერეთლის ქუჩა და აღმაშენებლის გამზირი, რომელთა რეკონსტრუქციაც, ქალაქის მერის დაპირების მიხედვით, ოთხი თვის წინ უნდა დაწყებულიყო.
2020 წელს ადგილობრივი ხელისუფლებისგან მორიგი იმედგაცრუება იქნება რუსთაველის ხიდიც, რომლის  რეკონსტრუქციის თანხა ვერც მომავალი წლის ბიუჯეტში  მოხვდა.
რუსთაველის ხიდი

მთავარი დაპირება კი, რომელიც არ შესრულდება,170 წლის შემდეგ, ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციაა. პროექტის დააანონსებიდან წელიწადნახევრის შემდეგ ირკვევა, რომ მერიას შესაბამისი თანხა მოძიებული არ აქვს.
ქუთაისიპოსტმა გაარკვია, რომ რეკონსტრუქციის გეგმა 2020 წელს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალშიც ვერ მოხვდა.
ბულვარი

წლიდან წლამდე დაპირებად რჩება  ბოტანიკური ბაღიდან წმინდა გიორგის ეკლესიამდე დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც პროექტირების ეტაპს სამ წელზე მეტია ვერ გასცდა.

შეუსრულებელი დაპირებების გარდა, ხარვეზებით გაკეთდა ისიც, რისი დასრულებაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2019 წელს მოახერხა. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გზის საფარის დაგების დროს შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები მიატოვა, რის გამოც მერიას ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია. შედეგად, სამუშაოები სამის ნაცვლად რვა თვე მიმდინარეობდა.  რუსთაველის გამზირი კი, სანიაღვრე სისტემის მოწყობიდან მალევე, პირველივე ძლიერი წვიმის დროს დაიტბორა.

სტიქიის დროს დატბორილი რუსთაველის გამზირი


ოპოზიცია ამბობს, რომ მერიის დაპირებები წელსაც სადღეგრძელოებს ჰგავს და უმჯობესია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კვერცხების და ცოცხების სროლის ნაცვლად, ქალაქის განვითარებაზე იზრუნოს.
"სამწუხაროდ, ქუთაისი წელსაც დარჩა გადათხრილი ქუჩების ქალაქად. თითქმის ყველა მსხვილი პროექტი ჩავარდა. თეთრი ხიდით დაწყებული, ყველა გზა, რომელიც გაკეთდა, იყო უხარისხო. ჩვენ კარგად ვნახეთ როგორ დაიტბორა წვიმის დროს ახალდარეაბილიტირებული ქუჩები და სანიაღვრეების მოწესრიგებისთვის დახარჯული მილიონობით ლარი როგორ გადაიყარა წყალში. გაპონოვის ქუჩა, ასსაფეხურინი კიბე და ასე შემდეგ, მხოლოდ ესკიზები გვაქვს ნანახი ამ პროექტების, გვესმის დაუსრულებელი სადღეგრძელოები. იმის ნაცვლად, რომ ინფრასტრუქტურას მიხედოს ქალაქის მერიამ, დაკავებულია კვერცხებისა და ცოცხების სროლით", – ამბობს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია.

"ვერ ჩავთვლი, რომ წარმატებული წელი იყო. პროექტები შესრულდა უხარისხოდ, კომპანებმა მიატოვეს ობიექტები, სამუშაოები კი დაემთხვა ტურისტულ სეზონს, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა ქალაქში. რაც მთავარია, ყველა მსხვილ ტენდერს, ძირითადად, იგებდნენ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები. არაფერი სატრაბახო ამ საკრებულოს და მერიას არ აქვს. ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქუთაისის მოსახლეობას დაამახსოვრდება და მომავალ თაობასაც გამოადგება, ვერ ვიხილეთ და ალბათ, ვერც ვიხილავთ", – ამბობს საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, დავით გოგისვანიძე.

განსხვავებულად ფიქრობენ ქუთაისის მერიაში. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე, მირზა ხიდაშელი ამბობს, რომ 2019 წელს დაგეგმილი პროექტების უმრავლესობა დასრულებულია. თუმცა, აღიარებენ ხარვეზებსაც.

"პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა არის დასრულებული. ერთადერთი დაგვრჩა ნიკიტინის ქუჩაზე გზის სამუშაოები, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის გადატანის აუცილებლობის გამო შეფერხდა. ყველაზე მსხვილი პროექტი იყო რუსთაველის გამზირი, რომლის საპროექტო ღირებულებამ შეადგინა 3 700 000 ლარი. ეს პროექტი დასრულდა მცირე დაგვიანებით, რადენიმე დღე ჯარიმაზე იყო კომპანია. ტაბიძეზეც იყო შეფერხება და მოგვიწია კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგრამ თავიდან შედგა ტენდერი და ეს ქუჩაც დასრულდა. ახლახანს დავასრულეთ მცირე საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია, გაკეთდა რამდენიმე შესახვევი და ჩიხი, ასევე, ქუჩებთან მისასვლელი გზები.

რაც შეეხება ცენტრალურ ბულვარს, ამისთვის თანხა 2020 წლის ბიუჯეტში არ არის და არც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების მონახაზში გვაქვს ამ ეტაპზე. გაპონოვის ქუჩაზე ხელისშემშლელი გარემოება არის ის, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ზონა და პროექტირება იქნება ძალიან რთული, რადგან თითოეული სახლი იქნება ცალკე შესათანხმებელი, პროექტები ცალკე მოსარგები გენგეგმაზე და ამიტომ სირთულეს წარმოადგენს მათი ღირებულების დათვლა. რუსთაველის ხიდისთვის 2020 წლის ბიუჯეტში თანხა არ დევს. რაც შეეხება წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩებს, პროექტირება დასრულებულია და მომავალი წლიდან დაიწყება სამუშაოები, თუ რამემ არ შეუშალა ხელი", – ამბობს მირზა ხიდაშელი.

ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი შეუსრულებელი დაპირებებიც მრავლად აქვს, რომ არა მთავრობის მიერ დაანონსებული და შემდეგ მაკეტზე დარჩენილი პროექტები. 2016 წლიდან ელოდება ქუთაისი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას, სადაც, დაპირების მიხედვით, ათასობით სტუდენტი უკვე უნდა სწავლობდეს. ფონდმა "ქართუმ" ჯერ სწავლის დაწყების თარიღი გადაწია 2020 წლამდე, შემდეგ კი გაირკვა, რომ უნივერსიტეტი პირველ ეტაპზე მხოლოდ 1000 სტუდენტის მიღებას შეძლებს. როდის მიაღწევს ან მიაღწევს თუ არა სტუდენტების რაოდენობა დაპირებულ 60 000–ს, უცნობია.
ხელისუფლებამ გადაიფიქრა ქუთაისის აეროპორტთან სარკინიგზო ხაზის მოწყობაც, რომლის მშენებლობის 365 დღის ათვლა ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ორი წლის წინ, პროექტის პრეზენტაციაზე დაიწყო. თითქმის აღარავის ახსოვს აღარც "ოცნების" მიერ დაპირებული "ოცნების ქალაქი", რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო.
ახლა ქუთაისს არც "ოცნების ქალაქი" აქვს და არც პარლამენტი. საპარლამენტო დედაქალაქს წაართვეს ისიც, რაც ჰქონდა. ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, მთავრობამ საკანონდებლო ორგანოს შენობის კონსერვაცია დაიწყო.

როგორი იქნება ქუთაისისთვის 2020 წელი, ამაზე მსჯელობა ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით შეიძლება, რომელიც საკრებულომ წლის ბოლო სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. მერიაში ამბობენ, რომ პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა იქნება, თუმცა, როგორც ირკვევა, ერთადერთი მსხვილი ტურისტული ატრაქცია, რომელიც 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განხორციელდება, ბალახვნის კიბეებიის რეკონსტრუქციაა. ერთი მილიონი ლარი, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა, მხოლოდ კიბის განახლებას მოხმარდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია
გამართეს და ძალოვანი უწყებების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა
გააპროტესტეს.
11:15 / 30.11.2024
მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ძალოვანი უწყებების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტეს.
ქუთაისში დედებისა და შვილებისა ქცია გაიმართა
16:36 / 29.11.2024
ქუთაისში დედებისა და შვილებისა ქცია გაიმართა

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.