ახალი ამბები
„თუ სახსრები არ გამოიძებნა, „ტორპედო“ აღარ იარსებებს“ - ფანკლუბის წევრები ქუთაისის მერს შეხვდნენ
FaceBook

ქუთაისის  საფეხბურტო კლუბ „ტორპედოს“  ფანკლუბის წევრები ქუთაისის მერიაში ქალაქის მერს, ვიცე-მერსა და კლუბის დროებით მმართველს შეხვდნენ.


შეხვედრაზე გულშემატკივრებმა კლუბში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ფეხბურთელებს ელემენტარული  პირობებიც არ აქვთ.



„გზის ფული არ აქვთ ბიჭებს, რომ ბაზაზე მივიდნენ. არც საჭმელია, არც ეკიპირება. იმდენად ელემენტარული პრობლემებია, მერიდება კიდეც ამაზე საუბარი. თუ უახლოეს დღეებში პრობლემა არ გადაწყდება, გუნდი აღარ იარსებებს“,-განაცხადა ფანკლუბის ერთ-ერთმა წევრმა, ბაქარ მელაძემ.

გულშემატკივრები კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას მიმართ ქუთაისის მერიის მხრიდან სამართლებრივ რეაგირებას,  დაგვიანებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პროცესში პრობლემის გაჩენისთანავე უნდა ჩართულიყო. მათი თქმით, სწორედ მერიის უმოქმედობის შედეგია ის, რომ კლუბს დავალიანება დაუგროვდა და ახლა საარსებო თანხაც აღარ აქვთ.


„ახლა კიარ უნდა იწყებდეთ სასამართლოში დავას, როცა  პირველდ დაარღვია თანხის გადახდის ვადა ზაალ ჩაჩავამ, მაშინ  უნდა ჩარეულიყავით და კლუბს ამდენი დავალიანება აღარ დაუგროვდებოდა. სასამართლო შეიძლება წლები გაგრძელდეს, „ტორპედო“ კი თუ ასე გაგრძელდა, სამ დღეში აღარ იარსებებს“, - განაცხადა ასევე ფანკლუბის წევრმა, ლევან ფილიპაშვილმა, რომელიც ქალაქის მერმა შეხვედრაზევე  დროებითი მმართველის მოადგილედ დაასახელა.


ფანკლუბის წევრების კრიტიკის საპასუხოდ ქუთაისის მერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩაჩავასთან ხელშეკრულების ვადის გასვლას ელოდებოდა. რაც შეეხება გუნდის ფინანსურ დახმარებას, გიორგი ჭიღვარიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს კლუბის დაფინანსების უფლება არ აქვს და ეს ფეხბურთის განვითარების ფონდმა უნდა გაკეთოს.


„დღეს უკვე შეგვაქვს სარჩელი. ხელშეკრულებაში წერია, რომ გუნდი უნდა დაბრუნდეს დავალიანების გარეშე და ჩვენ სასამართლოს ძალით გავაკეთებთ ამას. კვირის ბოლოს ვაპირებთ, რომ შევხვდეთ ფონდს, ფედერაციას და ვილაპარაკებთ იმაზე,  თუ რითი  შეიძლება კიდევ დავეხმაროთ გუნდს“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერმა "ტორპედოს" გულშემატკივრები შეხვედრაზე მას შემდეგ მიიღო, რაც ფანკლუბის წევრებმა მერიის შენობის წინ აქცია გამართეს.

 

Print
თეგები: #ტორპედო