რეგიონი
ცხოვრება დატბორვის შიშით - ნამახვანჰესი, როგორც საფრთხე (ვიდეო)
FaceBook
სოფელ მექვენას მკვიდრი, მაკა სულაძე, მის ეზოში ფრანგი სპეციალისტების მიერ გამოყვანილ ვაზს საკუთარი შვილებივით უვლის.

მაკას თქმით, უნიკალური ჯიშის ყურძენი, გემოვნური თვისებებით ალადასტურს ძალიან ჰგავს.

მაკა ამბობს, რომ ვაზმა უკვე გამრავლება დაიწყო და ეს განსაკუთრებით ახარებს, თუმცა, ის, რაზეც იგი შვილებივით ზრუნავს, მალე შესაძლოა ნამახვანი ჰესის 111 მეტრიანმა კაშხალმა გაანადგუროს.

რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესი არამხოლოდ მაკა სულაძის, არამედ ხეობის ათეულობით სოფლის მეურნეობას ემუქრება დატბორვით.



მაკა სულაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჰესის მშენებლობას შეეწინააღმდეგა. მან უნდობლობა გამოუცხადა ჰესის მშენებელი კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპის" ინიციატივით სოფელ მექვენაში შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს, რადგან მიიჩნევს, რომ საბჭო სინამდვილეში მოსახლეობის გადაბირებას ემსახურება.



ნამახვანი ჰესის 111 მეტრიანი კაშკალი მეწყრულ და სეისმურად აქტიურ ზონაში შენდება. პროექტის ზემოქმედების ქვეშ დაახლოებით 600 ჰექტარი ტერიტორია ექცევა, გასახლებას კი 100-ზე მეტი ოჯახი დაექვემდებარება.



ადგილობრივებს რიონის ხეობის სოფლებში მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევებიც ახსოვთ. ამბობენ, რომ კაშხალმა თუნდაც არ დატბოროს მათი სახლები, დიდი რაოდენობით დაგუბებული წყლის გამო მომატებული ტენიანობა კლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.



სოფელ მექვენასგან განსხვავებით ნაკლები წინააღმდეგობაა იმ სოფლებში, რომლებიც დატბორვის ზონაში ხვდებიან. აქ ადგილობრივები ამბობენ, რომ რთული საცხოვრებელი პირობების ფონზე, გასახლება მათთვის ერთადერთი გამოსავალია.

ჰესის მშენებლობის შეთხვევაში საფუტკრე მეურნეობის მოშლა მოუწევს სოფელ მოლეკურას მკვიდრს, ლამარა მანაგაძეს. ენანება 40 წლიანი შრომის შედეგი, მაგრამ ამბობს, რომ მათ სურვილზე არაფერია დამოკიდებული.

გადასახლების და კომპენსაციის მოლოდინშია ონჭეიშის 5 ოჯახიც. უპერსპექტივობამ მათაც ათქმევია უარი საკუთარ სახლებზე.



ჰესის მოწინაღმდეგეებმა უკვე შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით "რიონის ხეობის გადარჩენისთვის". მოძრაობის წევრები ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

ნამახვანი ჰესის საფრთხეები ვრცლად აქვს შეფასებული "მწვანე ალტერნატივას".

არასამთავრობო ორგანიზაცია უხარისხოს უწოდებს კომპანიის მიერ 2015 წელს წარმოდგენილ გზშ-ს და მიიჩნევს, რომ დოკუმენტი სრულყოფილად არ ასახავს ჰესის ადგილობრივ მოსახლეობაზე პირდაპირი და ირიბი ზემოქმედების რისკებს. ასევე, არ არის დასაბუთებული, რა კონკრეტულ ფინანსურ სარგებელს მოუტანს ქვეყენას პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში.

ანგარიშის მიხედვით, პროექტის ზემოქმედება შეეხება არამხოლოდ მოსახლეობას და სასოფლო-სამურნეო მიწებს, არამედ, ბიომრავალფეროვნებას და ისტორიულ ძეგლებსაც კი.

"პროექტის განხორციელება გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას. დაგეგმილი პროექტის საპროექტო არეალში ხვდება ბუნების ძეგლიც- იმერეთის 8 მღვიმე. ცალკე უნდა აღინიშნოს პროექტის ზემოქმედება ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე, რომელზეც პროექტში საერთოდ არ არის საუბარი. პროექტის განხორციელება გამოიწვევს მათ ხარისხობრივ გაუარესებას ან საერთოდ გაქრობას",- ნათქვამია ანგარიშში.

"ქლინ ენერჯი გრუპში" მოსახლეობისა და სპეციალისტების შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ კაშხლები საერთაშორისო სტანდარტებით შენდება და გასახლება  ოჯახების მცირე რაოდენობას შეეხება.

კომპანიას ჯერ არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი ნებართვა შემოდგომაზე ექნებათ.

"დასასრულს უახლოვდება გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განახლებული დოკუმენტის მომზადება. ანგარიში ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ მზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დოკუმენტი 2018 წლის შემოდგომაზე გასაჯაროვდება",- აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ იმაზე, თუ როგორ მოხდება მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდა. "ქლინ ენერჯი გრუპში" ამბობენ, რომ დატბორვის არეალში მოხვედრილ ოჯახებს საშუალება ექნებათ თავად აირჩიონ ალტერნატიული საცხოვრებელი.

კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპმა" ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა 2015 წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტებში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3000-მდე ადამიანი დასაქმდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.