საზოგადოება
ნადირობა აკრძალვებით
FaceBook
გარემოს დაცვის სამინისტრომ მონადირეების პროტესტის შემდეგ უკან დაიხია და ორჯერ კორექტირებული ნადირობის შესახებ კანონპროექტი "ჩააგდო". უწყება დოკუმენტის თავიდან შემუშავებას, მასში ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით გეგმავს. მონადირეები სამინისტროს თავიანთ რეკომენდაციებს სთავაზობენ. არასამთავრობო სექტორი კი უწყებას კანონპროექტამდე სამონადირეო სტრატეგიის შემუშავებას ურჩევს.

მონადირეთა არგუმენტები
ქუთაისელი გივი ხუხუნაიშვილი 30 წლისაა. ის 13 წელია მონადირეა. გივი ამბობს, რომ მისთვის ნადირობა გატაცებაზე უფრო მეტია.
"მთელი ცხოვრებაა. ნებისმიერ გართობას და დასვენებას მირჩევნია,"- გვეუბნება გივი ხუხუნაიშვილი.
ახალგაზრდა მონადირე ამბობს, რომ კანონპროექტი მას ნადირობის უფლებას ართმევს, ამიტომ მის დაკანონებას მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება.
ახალი რეგულაციების წინააღმდეგია 23 წლის გიორგი მახალდიანიც. ის ამჟამად დასავლეთ საქართველოს მონადირეების ხელმოწერებს აგროვებს. ისინი პრემიერ-მინისტრს და გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს. უკვე 3000-მდე ხელმოწერა შეაგროვა, თუმცა ამბობს, რომ ეს მცირე ნაწილია და რეალურად, მოწინააღმდეგე მონადირეების რიცხვი ამ რაოდენობას რამდენიმე ასეულით აჭარბებს.

კანონპროექტის მიხედვით, ტყვიის საფანტით გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის აკრძალვა ერთ-ერთია, რაც გიორგი მახალდიანს არ მოსწონს.
"სრული აბსურდია, არ არსებობს ფოლადის საფანტი, რომელიც მცირე ზომის ფრინველებზე ნადირობისას გამოიყენება. ესაა სასაცილო," - ამბობს გიორგი მახალდიანი.
ამ აკრძალვის გარდა, მონადირეების პროტესტს სამონადირეო ტერიტორიისა და მისი მმართველის ინიცირებაც იწვევს. ისინი ამბობენ, რომ იმ ადგილებისთვის, სადაც ახლა თავისუფლად ნადირობენ, სტატუსის მინიჭების შემდეგ სპეციალური ნებართვა გახდება საჭირო. თუ მონადირეს მმართველის მიერ გაცემული საშვი არ ექნება, ის დაჯარიმდება.
"ჯარიმა 1500 ლარია და ნანადირევის ტრანსპორტირებაზე კი 800 ლარი. ამას ვერც ერთი მონადირე შეძლებს," - განმარტავს გიორგი მახალდიანი.
ახალი კანონპროექტი 2019 წლის მარტიდან მონადირეებისთვის კლუბების შექმნასა და საწევრო გადასახადის შემოღებასაც ითვალისწინებს, რაც აქამდე არ ყოფილა. ამ მიზეზების გამო, მონადირეები კანონპროექტის თავიდან შემუშავებას და მასში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას ითხოვენ.

არასამთავრობო სექტორი
კანონპროექტის გლობალურ საფრთხეებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად არსებული სანადირო სფერო მოსაწერიგებელია. თუმცა, ირაკლი მაჭარაშვილი აზრით, უმჯობესი იყო სამინისტროს, კანონპროექტის შექმნამდე, მდგრადი ნადირობის სტრატეგია შეემუშავებია, რასაც ჯერ კიდევ 2014 წელს დამტკიცებული "ბიომრავალფეროვნების სტარატეგიისა და მოქმედებათა გეგმის სრულფასოვანი შესრულების შესახებ" მთავრობის #343 დადგენილება ითვალისწინებდა.
"ვერავინ გაიგებს როგორ რეგულირდება გარემოს დაცვა. განსაკუთრებით, 2006 წლის შემდეგ, როდესაც "ლიცენზირების და ნებართვების შესახებ კანონი" შევიდა ძალაში და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა თავდაყირა დადგა. ამ კანონპროექტით იკითხება საბჭოთა კავშირის დროინდელი "მონკავშირის" აღდგენის მცდელობა," - ამბობს "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი.

მოქმედი კანონმდებლობა
საქართველოში ნადირობის შესახებ დებულებები სხვადასხვა ნორმატიულ აქტშია მომოფანტული. დღეისათვის ეს საკითხი 1999 წელს დამტკიცებული ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის #68 ბრძანებით რეგულირდება.
გარდა ამისა, არსებობს 2005 წლის 7 დეკემბერს გამოცემული "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის #512 ბრძანება, კანონი "ცხოველთა სამყაროს შესახებ", "გარემოს დაცვის შესახებ", "იარაღის შესახებ", "წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ", ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები.

პარლამენტი და სამინისტრო
გარემოს დაცვის სამინისტროში შემუშავებულ კანონპროექტს არ იცნობენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში.
"არ ვაპირებთ ამ კანონპროექტის ცალსახად მიღებას. ჩვენ თვითონ შევქმნით სამუშაო ჯგუფს და ყველა დაინტერესებულ პირს მივცემთ საშუალებას ჩაერთოს მასში," - განმარტა ჩვენთან საუბარში საპარლამენტო კომიტეტის თავმდჯომარემ, კახა კუჭავამ.
თუმცა, ამასობაში სამინისტრომ უკან დაიხია და კანონპროექტის თავიდან დაწერას აპირებს.

"შევიმუშავებთ 17 პუნქტიან კონცეფციას, საით მივდივარ, რა გვინდა და წარვუდგენთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შემდეგ დაიწყება კანონპროექტზე მუშაობა. გარდა იმისა, რომ სამინისტროს თანამშრომელი ვარ, მონადირეც ვარ და ჩემთვისაც მიუღებელი იყო ამ კანონპროექტის ბევრი პუნქტი," - განგვიმარტა ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა, რევაზ ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, დოკუმენტის რიგი მუხლები გერმანული კანონის ანალოგიური ვარიანტიდანაა გადმოღებული, რომლებიც საკმაოდ აცდენილია ქართულ რეალობას. რევაზ ბეჟაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ნადირობის სეზონი და წესები
საქართველოში ნადირობის სეზონი ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან იწყება და მომდევნო წლის პირველ მარტამდე გრძელდება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის #512 ბრძანებით, ნადირობა დასაშვებია გლუვლულიანი, ხრახნივლულიანი, კომბინირებული სანადირო თოფებით, დამჭერი მტაცებელი ფრინველებით და მწევრებით.
2016 წლის 1 ნოემბრიდან სამონადირეო და ნებისმიერი იარაღის შეძენის დროს, სავალდებულო გახდა სპეციალური გამოცდის ჩაბარება, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი იარაღს ვერ დაირეგისტრირებს.

გადამფრენ ფრინველებზე გლუვლულიანი სანადირო თოფებით ნადირობენ, რომლებიც სამი სამი სახისაა: ცალლულიანი, ორლულიანი და მრავალვაზნიანი. მწარმოებლის მიხედვით, მათ სხვადასხვა ფასები აქვს. ცალლულიანი სანადირო თოფის ფასები 280-დან 530 ლარამდე მერყეობს, ორლულიანის კი 1320-დან 11 700 ლარამდეა.
ქართულ ბაზარზე არსებული გლუვლულიანი სანადირო თოფები მხოლოდ ტყვიის საფანტზეა გათვლილი. სამონადაირეო მაღაზიებში ფოლადის საფანტი და მისი იარაღი არ იყიდება. საფანტის ზომები 0-დან 11 მმ-მდე მერყეობს. შესაბამისად, ფასებიც ზომაზეა დამოკიდებული. 1 შეკვრა 0-დან 8 მმ-ის ჩათვლით საფანტი 75 თეთრი ღირს, 9,10 და 11 მილიმეტრიანი კი - 65 თეთრი.
ნადირობისთვის დაშვებულია ყოველდღიური ლიმიტი. მაგალითად, დღეში მონადირეს შეუძლია 20 მწყერზე, 10 გარეულ მტრედსა და 7 გარეული ქათამზე ინადიროს.
გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის ოდენობა სანადირო სეზონზე 10 ლარს შეადგენს.
ნადირობის წესების დამრღვევ პირს ადმინისტრაციული და ასევე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.