საზოგადოება
"უბედურების ზონა" "შავი ოქროს" ქალაქში
FaceBook
37-ჯერ დაბინძურებული ჰაერი და მხოლოდ ერთ თვეში, ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სიმსივნით გარდაცვლილი 4 ადამიანი.

ჭიათურელები ქალაქიდან და იმ 12 სოფლიდან გასახლებას ითხოვენ, სადაც მანგანუმის მოპოვება ხდება და ამბობენ, რომ სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ სამჯერ იმატა. „ჯორჯიან მარგანეცი“ კი წარმადობას ზრდის. 2014 წელს მან თავისი სალიცენზიო კონტურები სამ სხვადასხვა საშუამდგომლო კომპანიას გადასცა, რომელმაც თავის მხრივ კიდევ სხვა კომპანიებს მისცეს მუშაობის უფლება.

საერთო ჯამში, დღეს ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებას 40-ზე მეტი სხვადასხვა კომპანია ახორციელებს.

როგორ მოქმედებს სახელმწიფო? რა რეკომენდაციები აქვთ გარემოსდაცვით ექსპერტებს, აქვს თუ არა ინფორმაცია სახალხო დამცველს მაღაროელთა სამუშაო პირობების შესახებ და რატომ არ თვლის მანგანუმის მომპოვებელი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომ ჭიათურაში საქართვლოს იურისდიქცია  უნდა ვრცელდებოდეს?


მარიკო წიქორიძე, ჭიათურა

როსტომ ცერცვაძე, როგორც თავად ამბობს, ძირძველი ჭიათურელია, პროფესიით სამთო ინჟინერს ყველაზე მეტად საკუთარ ქალაქზე უჭირს საუბარი, თუმცა გაჩუმებაც დანაშაულად მიაჩნია და ამიტომ მასზე ლაპარაკს ემოციების გარეშე ვერასდროს ახერხებს.

ჭიათურ მანგანუმში 15 წელი მთავარ ინჟინრად იმუშავა და ახლა ამდენივე ხანია უმუშევარია. ამბობს, რომ „ჯორჯიან მარგანეცში“ ახლა მუშაობა თვითმკვლელობაზე ხელის მოწერააო, რადგან ,,ერთი ჩრდილოეთ კორეას ქონდა ასეთი სამუშაო ზონები, 8 მეტრიანი კედლითა და მავთულხლართებით და მეორე „ჯორჯიან მარგანეცს“ აქვს აგერ ჭიათურაში“.

,,ვიყავი მიწის ქვეშაც და მიწის ზევითაც, მაღაროშიც და ღია კარიერზეც, ახლა შორიდან ვუყურებ რაფერ ვნადგურდებით ყველა. საჩხერიდან, რომ გადმოუხვევ, დიდი ლურჯი აბრა დგას ,,ჭიათურაო“ აწერია, შეცვალონ ბატონო და დააწერონ ,,უბედურების ზონა“.

ქალაქში, სადაც ლარის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ადამიანის, იქიდან ხალხი უნდა გაასახლონ. აქ მხოლოდ სიკვდილმისჯილები უნდა ჩამოყავდეთ, გაგიკვირდებათ და მკითხავთ რატომო? იმიტომ ჩემო ბატონო, რომ ,,ჯორჯიან მარგანეცის“ მუშა აქ, რომ სიმსივნით დაავადდა საავადმყოფომ ცნობა არ გასცა, რომ სამკურნალო თანხა მოეთხოვა კაცს. ისე მოკვდა საწარმოო ტრავმად არავინ შეუფასა.

ესაა დღეს ჭიათურა, უპატრონო და დაწყევლილია აქაურობა“, - ამბობს როსტომ ცერცვაძე და მის აზრს იქვე, მის გვერდით მდგომი სამარშრუტო ტაქსის მძღოლებიც ეთანხმებიან.

ჭიათურელებისთვის ,,ჯორჯიან მარგანეცი“ ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება დასაქმდნენ, ერთადერთია, საიდანაც ოჯახის რჩენა და გამოკვება შეუძლიათ.

მიუხედავად ამისა, კომპანიაში მთელი მუნიციპალიტეტის მოსალეობის მხოლოდ 10%ია დასაქმებული.
ჭიათურის მოსახლეობა ადრე 56 ათას ითვლიდა, დღეს კი თანამედროვე აღწერით, რაოდენობა 14 ათასით შემცირდა და 32 ათასი დარჩა მთელს მუნიციპალიტეტში.

სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ეს რაოდენობა რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ ქალაქში ირიცხებოდა. დღეს მუნიციპალიტეტის მსგავსად, მოსახლეობის რაოდენობა ქალაქშიც შემცირდა და ამჟამად ჭიათურაში 12 ათას 800 ადამიანი ცხოვრობს, აქედან კი ,,ჯორჯიან მარგანეცში“ მხოლოდ 3,700 ადგილობრივია დასაქმებული. ისინი ძირითადად მაღაროებსა და კარიერებში მუშაობენ, მათი ხელფასი იმაზე მცირეა, ვიდრე მაღაროელებს უნდა ქონდეთ.

მაგალითად გვირაბგამყვანი, როგორც თავად მუშები ამბობენ, 6 პროფესიას ფლობს და მისი ანაზღაურება 700 ლარმდეა. თუმცა პრობლემა მხოლოდ ხელფასში როდია, პრობლემაა ისიც, როგორ პირობებში უწევთ მუშაობა და ისიც, რამდენად მძიმე ეკოლოგიურ პირობებში უხდებათ ცხოვრება.

კომპანიაში დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ საშინელ ვითარებაში უწევთ მუშაობა. მათ სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ. მათი თქმით, კომპანიამ ტექნიკაც კი მხოლოდ იქ გადააიარაღა, სადაც იაფად შეუძლიათ მანგანუმის მოპოვება.

როგორც მაღაროებში, ისე კარიერებზე მუშაობა მე-19 საუკუნის შრომის იარაღებით უწევთ. პრობლემაა, ასევე ზოგადად მუშებისადმი მიდგომა. კომპანიის მიერ შექმნილი სპეციალური მაღაზიები, სადაც კომპანიაში დასაქმებულები პროდუქტს ნისიად იღებენ, შემდეგ კი იმაზე მეტი თანხა ეჭრებათ სახელფასო ბარათიდან, ვიდრე ჰქონდათ ნაყიდი.

დასაქმებულთა ნათქვამს უარყოფს ,,ჯორჯიან მარგანეცის“ ლიცენზიებისა და ეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი დავით ყვავაძე. უარყოფს იმასაც, რომ ქალაქში გადაადგილებული მადანი ჰაერს აბინძურებს.

,,ნედლეული გამოგვაქვს სველ მდგომარეობაში და ჰაერის დაბინძურება საიდან უნდა მოხდეს? ვერანაირად ვერ გავიზიარებ ვერავის სიტყვებს, ტექნიკა მუშაობს თანამედროვე სტანდარტის და ობიექტი 8 მეტრიანი გალავანი მავთულხლართით შემოვღობეთ დაცვის მიზნით, მუშამ, რომ არაფერი მოიპაროს, იყო სამწუხაროდ იარაღების ქურდობის ფაქტები და ტერიტორიის დაცვა აუცილებელი გახდა.

რაც შეეხება მაღაზიას, დიახ მუშებისთვის შეიქმნა ევროსტანდარტების მაღაზია, სადაც შეღავათიან ფასებში ხდება პროდუქციის გატანა, არანაირ მსგავს ფაქტს, ზედმეტი თანხის ჩამოჭრაზე ადგილი არ ქონია“, - განაცხადა ყვავაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჭიათურელთა კავშირის“ ხელძღვანელი შოთა გაფრინდაშვილი წლებია ჭიათურაში არსებულ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს. ის ერთადერთი გარემოსდამცველია მუნიციპალიტეტში, რომელიც ბოლო 10 წელია მანგანუმის კანონისდაცვით მოპოვებას ითხოვს. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მიიღეს ატმოსფერულ ჰაერზე ჩატარებული კვლევის პასუხები, რომელიც ,,ჭიათურელთა კავშირმა“ სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტს შეუკვეთა.

,,დღეის მდგომარეობით დაბინძურების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი, რაც კი ყოფილა ჭიათურის იტორიაში. კვლევის მიხედვით, ქალაქის ცენტრში ჰაერის დაბინძურება ნორმას 37-ჯერ აღემატება. ბოლო 20 წლის სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ მაქსიმუმ 5-ჯერ იყო გადაჭარბება. ესაა კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ მანგანუმს ეძახიან ,,შავ ოქროს“, მანგანუმის მოპოვება ჭიათურაში, განსაკუთრებით 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არანაირ ლოგიკურ ჩარჩოში არ ჯდება.

ირღვევა კანონი გარემოსა და წიაღის შესახებ, საქართველოს კონსტიტუცია გარემოსდაცვის შესახებ, ასევე კანონი ლიცენზიების შესახებ. მოკლედ თუ რაიმე კანონი არსებობს გარემოსდაცვის შესახებ, ფაქტიურად ყველა ირღვევა. ჯერჯერობით საშველი არ ჩანს.

მეტსაც გეტყვით, კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა ბოლო 3 წელში და თუ ვინმეს აქვს ბიზნესის უფლება, ჩვენც გვაქვს ერთი-სიცოცხლის უფლება“,- ამბობს გაფრინდაშვილი და დასძენს, რომ კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ ,,ჯორჯიან მარგანეცის“ სალიცენზიო კონტურებში, არანაირი გარემოსდაცვითი ვალდებულება არ აკისრიათ. მეტიც, არ იციან რა არის რეკულტივაცია, არ იციან, როგორ უნდა იმუშაონ წიაღთან. ელემენტარულად არ იციან კანონი წიაღისეულის შესახებ.

არის მეორე პრობლემაც – კომპანიები მხოლოდ მაღალი ხარისხის მანგანუმს მოიპოვებენ, რაც ასევე კატასტროფაა. როცა ველი მუშავდება, ის მთლიანად უნდა დამუშავდეს, შემოსული კომპანიები კი იძულებულნი არიან მხოლოდ მაღალი ხარისხის მანგანუმი მოიპოვონ, საშუალო და დაბალი ხარისხი რჩება და ის, არარენტაბელური ხდება. აქ კი ზარალია, როგორც ეკონომიკური, ისე ქალაქისა და რეგიონის მომავლის.

ეკონომიკურ ზარალზე და ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობდა და საუბრობს დღესაც ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი, რომელიც პარლამენტში გარემოსდაცვის კომიტეტის წევრია. წერეთელი ამბობს, რომ 12 სოფელი, სადაც ღია წესით მანგანუმის მოპოვება მიმდინარეობს, გადასასახლებელია.

"გადასასახლებელია იმიტომ, რომ თუ იქ პატარას მოწვიმს, ადამიანი მუხლებამდე ეფლობა ტალახში. თან რა ტალახში - მარგანეცში. ცოტა თუ ტემპერატურა მოიმატებს, მტვრით ივსება ყველაფერი. მანგანუმი, მოგეხსენებათ, მე ექიმი ვარ, მედიცინაში ნერვულ შხამად ითვლება. მისი შეყნოსვა და სიახლოვეს ყოფნა უმძიმეს დაავადებებს იწვევს.

12 სოფელი პრაქტიკულად სიცოცხლეს ამთავრებს. მანგანუმს მოიპოვებენ ღია წესით; იხსნება მთლიანად ტყეები; იკარგება წყლები. წყლების 40 პროცენტი კარსტრული წარმოშობისაა და აფეთქებებით წყალი იკარგება.ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე კი არ ვდგავართ, ეკოლოგიური კატასტროფაა ჭიათურაში. ყვირილა რა მდგომარეობაშია იცით? ამის გამო მთელი კოლხეთის დაბლობი ზიანდება,“- აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატი.

გარემოს დაცვის სამინისტრომ კი 2013 წლიდან დღემდე, ,,ჯორჯიან მარგანეცის“ მიერ გარემოზე მიყენებული ზარალი დაითვალა და ის 357 მილიონამდე განისაზღვრა. ესაა ის ციფრი, რაც მათ ჭიათურის ეკო-გარემოს მიაყენეს, თუმცა არავის დაუთვლია ის ზარალი, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას ადგება.

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოები აქაც ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც მსგავსი საწარმოები მუშაობენ, არ გასცემენ ინფორმაციებს, კონკრეტული დაავადებების მიმართვიანობა რამდენადაა გაზრდილი და როგორია ზოგადად დაავადებების მატების მაჩვენებელი. თუმცა არც ისე რთული აღმოჩნდა მცირე სტატისტიკის გარკვევა. ქალაქ ჭიათურაში მხოლოდ ორი ქუჩის, ორ მრავალ სართულიან კორპუსში, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში 7 ადამიანი, მხოლოდ სიმსივნური დაავადებით გარდაიცვალა.

2014 წელს, სოფელ რგანში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 10-დან 8 ბავშვს გადაუდებელი ბრონქიალური დაავადება აღმოაჩნდა.

დაავადებების სიხშირე და მაღალი ავადობა ჩანს 2011 წელს უკრაინულ-ქართულ-ამერიკული კომპანიის კვლევებშიც. კომპანიამ მაშინ, მაღაროელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლია ქალაქსა და სოფლებში, შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა, სოფელში ქალაქზე ორჯე ნაკლები იყო დაავადებების რიცხვი.

გასულ წლებთან შედარებით დაავადებები, რომ კატასტროფულადაა მომატებული, ჭიათურელთა დიდი ნაწილი ამას საკუთარ თავზე გრძნობს. მათი უმრავლესობა ბოლო რამდენიმე წელი, საჩხერეში მხოლოდ იმის გამო რეგისტრირდებოდნენ, რომ უფასო სამედიცინო დახმარებით ესარგებლათ.

,,ჭიათურელთა კავშირის“ სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ჭიათურიდან საჩხერეში დაახლოებით 3000 ათასიდან 7000 ათასამდე ადამიანი გადაეწერა. დავადებათა სტატისტიკას კი დასაბუთებულად, მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილზე გვიპასუხებს.

რეგიონში 1876 წლიდან მანგანუმის წარმოება დაიწყო. კლდოვან რელიეფში ჩაფლული ჭიათურა კი ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა, რადგან იქ , სადაც მანგანუმი აღმოაჩინეს დიდი პერსპექტივა იყო, რომ წარმატებული ქალაქი აშენდებოდა. ქალაქი მართლაც აშენდა და უკვე 1990 წელს ,,მანგანუმის“ მაღალი ხარისხის წარმადობამ 396 ათასტონას მიაღწია.

დღეს ეს ციფრი თითქმის ორჯერაა გაზრდილი და საშუალოდ წელიწადში ,,ჯორჯიან მარგანეცი“ 515 ათას ტონზე მეტს აწარმოებს. 2006 წელს ძველი კომპანია ,,მანგანუმი“ მსხვილმა ბრიტანულმა კომპანია ,,სთემგორმა“ იყიდა. ,,ჯორჯიან მარგანეცი“ სწორედ მის შვილობილ კომპანიად ითვლება.
მოგვიანებით,,სთემგორი“ მართვის სისტემიდან გაქრა და ,,ჯორჯიან მარგანეცი“ უკვე უკრაინაში დარეგისტრებულ კომპანიად გვევლინება, რომელსაც სათაო ოფისი ამერიკაში, მაიამში აქვს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა, 9 მილიონი ლარი და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ კომპანია ადგილობრივ ბიუჯეტს არ წყალობს. უცნობია რა თანხას იხდის ის ან იხდის თუ არა საერთოდ, გარემოსდაბინძურების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში.

,,ჯორჯიან მარგანეცი“ ის კომპანიაა, რომელსაც თვითმმართველობაზე მეტი ბერკეტი აქვს მუნიციპალიტეტში. ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლება ან არ, ან ვერ ფლობს მართვა- გავლენის სადავეებს. სწორედ ამიტომ ჭიათურაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება პირდაპირ ,,წილშია“ ბიზნეს კომპანიასთან. შოთა გაფრინდაშვილის თქმით, ,,ჯორჯიან მარგანეცი“ არ თვლის, რომ ჭიათურაში უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს იურისდიქცია.

"ამ შემთხვევაში იგულისხმება კანონი თვითმმართველობის შესახებ. ვიღაცას 10 კვ მეტრის ადგილი, რომ უნდოდეს ქალაქში ვერ მიიღებს, თუ მარგანეცმა არ დაურტყა ბეჭედი. თვითმმართველობა ვერ განკარგავს ტერიტორიას, რადგან 2006 წელს ,,ჯორჯიან მარგანეცს“ჭიათურაში და მათ შორის ქალაქშიც ფარგლით შემოუხაზეს 14,350 ჰექტარი ტერიტორია ძველმა ხელისუფლებამ და მიაყოლა კიდეც მემორანდუმი, რომ არანაირი გარემოსდაცვითი ვალდებულება თქვენ არ გეკისრებათ 8 წლის განმავლობაშიო.ეს 8 წელიც გავიდა და რაიმე პოზიტიური ცვლილებები ჯერ არ იგრძნობა“, - ამბობს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე მანგანუმის გადაადგილება აკრძალული იყო. ამის შესახებ ,,ჭიათურელთა კავშირმა“ წინადადება შეიტანა პეტიციის სახით ინიცირების წესით, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, ვინაიდან მხოლოდ ორი მოქმედი ქუჩაა, არ ემოძრავა ნედლი მანგანუმით დატვირთულ მანქანებს. თუმცა ამ წინააღმდეგობას ბიზნეს ომბუცმენმა მხარი არ დაუჭირა და 40 ტონიანი მანქანები, ქალაქის ცენტრში დღემდე გადაადგილდება. ეს კი საფრთხეს უქმნის ზოგადად ყველაფერს, რადგან მაღალი დამტვერიანებაა.

,,ჯორჯიან მარგანეცსა“ და სახელმწიფოს, რეკომენდაციებით მიმართავენ გარემოსდაცვითი ექსპერტები და სთხოვენ, გაიზიარონ, გადაიტანონ პრაქტიკაში და რეალურად დაიწყონ ფიქრი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ვიდრე ჯერ კიდევ შეიძლება, დადებითი ნაბიჯების გადადგმა.

გარემოსდაცვითი ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე ამბობს, რომ კომპანიის მხოლოდ ფულადი ჯარიმით დატუქსვამ, როგორც ჩანს შედეგი არ გამოიღო, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების უპირობო დანერგვა, მანგანუმის მადნის მოპოვება-გადამუშავების სექტორში.

„აუცილებელია, სამთო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავებით გამოწვეული, გარემოს დაბინძურების პრობლემის მოგვარების გაადვილების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიების გაუქმების ან მათში ცვლილებების შეტანის პირობების დაკონკრეტება, ასევე მანგანუმის მოპოვება-გადამუშავების სექტორში, მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

საწარმოო ობიექტზე გარემოს დაცვითი მონიტორინგის სისტემის შექმნა და რაც მთავარია, საქართველოს სამთო მოპოვებითი მრეწველობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გარემოს დაცვითი და სოციალური რეგულაციების, ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა“, - აცხადებს გარემოსდაცვითი ექსპერტი და დასძენს, რომ იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია შესრულდეს, აუცილებელია, როგორც სახელმწიფოს ისე, მსგავსი კომპანიების სურვილი და მზაობა, გააუმჯობესონ არსებული მდგომარეობა.

გარემოსდაცვითი ექსპერტის რეკომენდაციებს ეთანხმება კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN ) პროექტის ,,სასარგებლო წიაღისეულის სექტორში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა კავკასიაში“ მენეჯერი. ნინო გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაც, რადგან საქართველომ ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ამიტომ საქართველომაც უნდა გაიზიაროს ყველა ის სტანდარტი და მიდგომა, რაც ევროპის ქვეყნებშია და რასაც ასოცირება გვავალდებულებს.

„ჩვენი მიზანია ჭიათურაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით, დაზარალებული თემების ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერება და მათი სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფა სასარგებლო წიაღისეულის სექტორსა და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ხუთ რეგიონში მობილიზება გავუკეთეთ ადგილობრივ მოსახლეობას და შევქმენით სამოქმედო ჯგუფები. მათი მიზანი სწორედ ზემოთხსენებული პროცესის გააქტიურებაა. ეს მოიტანს იმ შედეგს, რომ თითოეულ რეგიონულ დონეზე, მათ ექნებათ ცოდნა, ინფორმაცია ზოგადად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე და მის გავლენაზე ბუნებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზე“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ჭიათურელი, როსტომ ცერცვაძე, კი კლდეების გარემოცვაში გაფენილ, ნაცრისფერ ქალაქს, ყოველ დილით გაჰყურებს საკუთარი აივნიდან. გაჰყურებს ერთი მხრიდან მეორეზე გაბმულ რელსებზე მოსრიალე საბაგიროებს, გაჰყურებს დიდი ტვირთმზიდავი მანქანების გადაადგილებისგან მტვრით გაბურულ ქუჩებს და მაინც იმედი აქვს, რომ ქალაქს, რომელიც ულამაზესია თავისი მდებარეობით, რელიეფითა და ტრადიციებით, პატრონი, ხოლო ქვეყანას პასუხისმგებლიანი ინვესტორი აუცილებლად გამოუჩნდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.