ქუთაისის საკრებულომ აღმასრულებელს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე
დაუბრუნა, თუმცა, მხოლოდ ტექნიკური შენიშვნებით.
როგორც ირკვევა, დეპუტატებმა კომისიებსა და ფრაქციებში 10 დღიანი
განხილვის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტში, მხოლოდ თანხის მუხლიდან მუხლში
გადატანის საჭიროება დაინახეს. პროგრამებთან, პრიორიტეტებთან და
ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით კი უმრავლესობას კითხვები არ
აქვს.
"შენიშვნები, ძირითადად, იყო ტექნიკური სახის. პარამეტრებს და
პრიორიტეტებს არ ეხება. ძალიან დადებითად აქვს ნამუშევარი
აღმასრულებელს. ჩვენ ძალიან მოგვწონს",–ამბობს საკრებულოს
საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი.
აღმასრულებლისთვის გადაგზავნილ შენიშვნებში ვერ მოხვდა ვერც ის
საკითხები, რაზეც კითხვები თავად უმრავლესობას ჰქონდა. მაგალითად,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ სპორტული
ღონისძიებების პროგრამას დაემატა ახლადშექმნილი სარაგბო კლუბი "არესი"
, რომელიც 50 000 ლარით უნდა დაფინანსდეს. თუმცა, არც მერიის
საფინანსო სამსახურის უფროსს და არც შესაბამისი სამსახურის
წარმომადგენლებს ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. საბოლოოდ, ეს საკითხი,
მერიისთვის გადაგზავნილ შენიშვნებში არ მოხვდა.
"ბიუჯეტი არის ნაჩქარევად შედგენილი. ციფრები არის იგივე, რაც იყო
წინა წელს. არის კონკრეტული პროგრამები, რომლებიც რატომ ფინანსდება არ
ვიცით და ამაზე აღამსრულებელს არ აქვს პასუხები,"–ამბობს საკრებულოში
"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი.
ბიუჯეტის პარამეტრებს აპროტესტებს საკრებულოში "ნაციონალური
მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია.
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით გაზრდილია სახელფასო ხარჯები,
მერიის მიერ დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები კი მომავალი წლის
ბიუჯეტში არ მოხვდა.
"ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შემოვიდა საკრებულოში, ცხადყოფს, რომ
ქუთაისი აღარ არის მათთვის პრიორიტეტული. ბიუჯეტის 50% იხარჯება
ხელფასებში, ანუ რეალურად ეს არის მათი აქტივისტებისთვის დახარჯული
ფული. გაზრდილია ჭამა-სმისა და საჩუქრების ხარჯები. ეს კი იმას
ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი მომავალ წელსაც იქნება გადათხრილი და
უპატრონო," - ამბობს გიგა შუშანია.
აღმასრულებელს ტექნიკური შენიშვნების გასათვალისწინებლად
ორკვირიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც შესწორებული ვარიანტი კვლავ
საკრებულომ უნდა განიხილოს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე
დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა.
2019 წლის ქუთაისის ბიუჯეტის წარდგენილი პროექტი 53 მილიონს ლარს
შეადგენს. რეგიონალური განვითარების ფონდიდან კი ქალაქი დამატებით 11
მილიონს ელოდება. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, წლის
ბოლომდე ბიუჯეტი 70 მილიონს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები