ქუთაისის ცენტრში, მუზეუმის ყოფილი შენობის ნაცვლად სასტუმროს
მშენებლობას, შესაძლოა, მრავალწლოვანი ხეები შეეწიროს.
შენობის მარცხენა მხარეს ათამდე ძირი პალმაა დარგული, ხოლო უკანა
მხარეს, ოთხი ძირი მრავალწლოვანი ხე და ამდენივე ბუჩქოვანი
მცენარე.
ხეები მუზეუმთან იმდენად ახლოსაა, რომ იქ სასტუმროს აშენების
შემთხვევაში, სავარაუდოდ, მწვანე ზოლის ადგილი არ დარჩება.
ტერიტორიის შეძენაზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს უკვე
აწარმოებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც, ადგილზე, "ქორთიარდ
მარიოტის" ბრენდის
სასტუმროს აშენებას გეგმავს.
ჭყონიას გეგმების განხორციელების შემთხვევაში მწვანე ზოლის
განადგურებას არ გამორიცხავს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, მერაბ
მეშველიანი. მისი თქმით, სასტუმრო დიდი ალბათობით შენობის მიმდებარედ
არსებულ ხეებს შეიწირავს.
"მაქვს ეჭვი, რომ სასტუმროს, რომელიც იქ უნდა აშენდეს, რამდენიმე ხე
შეეწირება. განსაკუთრებით ვგულისხმობ მუზეუმის უკანა ნაწილს, სადაც,
ჩემი აზრით, აუცილებლად მოიჭრება ხეები. მაშინ, როცა ქალაქის მერი
აკეთებს განცხადებას სკვერების გადარჩენაზე, აუცილებელია ეს საკითხი
არ დარჩეს უყურადღებოდ", - ამბობს მერაბ მეშველიანი.
პალმები მუზეუმის ყოფილი შენობის მარცხენა
მხარეს
დეპუტატი გასულ წელს მაკდონალდსის მშენებლობას იხსენებს, რასაც მისი
იერსახის გამო მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, თუმცა,
პროექტის საბოლოო ვერსიაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. მერაბ
მეშველიანი ამბობს, რომ მერიამ ამჯერად მაინც საზოგადოების ჩართულობით
უნდა შეათანხმოს პროექტი.
"საბოლოოდ მშენებლობაზე ნებართვის გამცემი არის ქუთაისის მერია,
ამიტომ, აუცილებელია მასშტაბურად ჩაერთოს საზოგადოება პროექტის
განხილვაში. ეს არის ქალაქის ისტორიული ნაწილი და ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ მისი იერსახე ფართე განხილვის საგანი
გახდეს", - ამბობს მერაბ მეშველიანი.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შენობის მარცხენა მხარეს 10 ძირი პალმა
არ მოიჭრება და მის გადასარგავად ტერიტორიის შერჩევა უკვე
მიმდინარეობს. რაც შეეხება შენობის უკანა მხარეს არსებულ ხეებს,
ქუთაისის მერიას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.
ტერიტორიის ნაწილი, სადაც თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას
გეგმავს, ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით უკვე გადაეცა
ეკონომიკის სამინისტროს. საკითხის მხრადასაჭერად დეპუტატები
საგანგებოდ შეიკრიბნენ რიგგარეშე სხდომაზე და 184
კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. მასთან ერთად,
ბიზნესმენი მუზეუმის ყოფილი შენობის შეძენასაც აპირებს, რომელიც
აქამდეც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო.
თემურ ჭყონიას ახალი გეგმები ქუთაისში, ნახეთ
აქ.
მასალის გამოყენების პირობები